„ბარსელონას” ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში, რონალდ კუმანმა „კამპ ნოუზე” გატარებული პირველი თვეები შეაჯამა. მან ილაპარაკა ლეო მესიზე, „ბლაუგრანას” ახალგაზრდებზე, რომელთაც ბოლოხანს დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს და covid 19-ის გავლენაზე.
„ყველაზე ძნელი შინ თამაშია, რადგან უზარმაზარი სტადიონი სრულიად ცარიელია, ერთი გულშემატკივარიც კი არ ზის, — თქვა მან, — ამის შეგუება ფეხბურთელებს ძალიან უჭირთ. შეიძლება პანდემიამ უმაყურებლო ფეხბურთს მეტ-ნაკლებად შეგვაჩვიოს, მაგრამ ყოველთვის, როდესაც მოედანზე გადიხარ და საფეხბბურთო ატმოსფეროს ვერ გრძნობ, უცნაური გრძნობა გიპყრობს. მაყურებელი ძალიან გვენატრება”.
მესის შესახებ, კერძოდ კი იმაზე, რომ 33 წლის ასაკში მას უკვე როტაცია სჭირდება, კუმანმა თქვა: „თუ ის ფიზიკურად კარგ ფორმაში იქნება, ჩვეულად ითამაშებს. რასაკვირველია, ლეო ახალგაზრდა აღარ არის, მაგრამ მას კვლავ უნდა თამაშებში მონაწილეობა და, რაც მთავარია, გამარჯვება. ის ყოველდღე ვარჯიშობს, პროცესებში მთლიანად ჩართულია. მე, როგორც მწვრთნელს მიყვარს ჩემს ფეხბურთელებთან ლაპარაკი. რასაკვირველია, მუდმივ კონტაქტში ვარ ლეოსთანაც, მითუფრო, რომ ის კაპიტანია და არის მთელი რიგი საკითხები, რომლებიც მასთან უნდა გავარჩიო. ვგულისხმობ, გუნდის ამბებს, წესებს და ბევრ სხვას. სალაპარაკო მხოლოდ ის კი არ არის, თუ როგორ უნდა ვითამაშოთ. ფეხბურთელებთან ურთიერთობა მწვრთნელის ყოველდღიურ სამუშაოში შედის”.
ანსუ ფატისა და პედრის შესახებ: „ახალგაზრდებზე ლაპარაკი ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა. ისინი ამას ნამდვილად იმსახურებენ, მაგრამ იმავდროულად, ჯერ კიდევ ბევრი აქვთ სასწავლი. ის რაც 17-18 წლის ანსუმ და პედრიმ შეძლეს ისეთ დიდ კლუბში, როგორიც არის „ბარსელონა”, განსაცვიფრებელია. პედრი „ლას პალმასიდან” ფაქტობრივად ბავშვი მოვიდა და უკვე ისეთი გუნდების წინააღმდეგ თამაშობს, როგორებიც არიან „რეალი” და „იუვენტუსი”. ეს ფანტასტიკურია.
კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ყოლა, მათთვის კი სათამაშო პრაქტიკა. გუნდი ნელ-ნელა ახალ რელსებზე უნდა გადავიყვანო. რასაკვირველია, ვეტერანებიც საჭიროა, მაგრამ ისინი მუდმივად ვერ გეყოლება, ამიტომ, მშვიდად, შესაფერის დროს უნდა შეიტანო ცვლილებები. პედრიმ ძრითად შემადგენლობაში ადგილი მუხლჩაუხრელი შრომით მოიპოვა. მან ვარჯიშებზე დამიმტკიცა, რომ ძალიან კარგი ფეხბურთელია და ღირსია თამაშობდეს ისეთ გუნდში, როგორიცა არის „ბარსელონა”.”