ინგლისის ნაკრებისა და „მანჩესტერ სიტის” ვარსკვლავმა რაჰიმ სტერლინგმა თანამემამულეთა საშობაო განწყობას სხივი შემატა — მან ორ უსახლკარო ქალს საჭმელი უყიდა.
26 წლის ფეხბურთელმა ქალები მაშინ დაინახა, როდესაც სწრაფი კვების რესტორან „ჩიქენ დელაითში” ბურგერის და ქათმის ფრთების საყიდლად შედიოდა.
მან 40 გირვანქის საჭმელი იყიდა და უსახლკაროებს მისცა.
ეს ამბავი ლონდონიდან 32 კილომეტრში, ქალაქ სლაფში მოხდა.
მავანი ვასიბ არიფი, ვინც ბურგერებს გასატანად ფუთავს, ჰყვება:
„რაჰიმმა ორი ქალის შესახებ მკითხა. ეს ქალები გარეთ იდგნენ და მათხოვრობდნენ. მას აინტერესებდა, ისინი სულ ამ ადგილას დგანან თუ არა.
შემდეგ მან მკითხა, ხომ შეიძლება საჭმელი ვუყიდოო და დასძინა, ჯობს საჭმელი მივცე, ვიდრე ფული, რომლითაც ან ნარკოტიკს იყიდიან, ან სასმელსო. მე ვუპასუხე, რომ რასაკვირველია, მას შეუძლია ამ ქალებს საკვები უყიდოს.
რაჰიმმა ბურგერების და ქათმის ფრთების რამდენიმე ყუთი შეუკვეთა, შენაძენი სამ ჩანთაში ჩააწყო და უსახლკაროებს გაუტანა. გასვლამდე მე და ჩემს კოლეგას 20 გირვანქაც დაგვიტოვა.
მას უბრალოდ ეცვა, მაისური და სპორტული შარვალი.
ის ძალიან თავმდაბალი იყო… ნამდვილი ჯენტლმენი”.