„რეალმა” კაზემიროსა და ქარიმ ბენზემას გოლებით „გრანადას” 2:0 მოუგო და ამაში არაფერი არ იქნებოდა აღსანიშნავი, კატალონიური „სპორტის” მიმოხილვა რომ არა — ბარსელონელი ჟურნალისტები ერთ თამაშსაც არ სტოვებენ, მადრიდული კლუბისადმი მსაჯების კეთილგანწყობას რომ არ გაუსვან ხაზი.

„სპორტი” წერს: „გრანადასთან მადრიდს ფეხი არ დაცდენია, გოლები კაზემირომ და ქარიმ ბენზემამ გაიტანეს, თუმცა მათ მსაჯებისთვის კვლავ მადლობა აქვთ სათქმელი.

როდესაც ანგარიში ჯერ კიდევ 0:0 იყო, კაზემირომ საჯარიმოში იანგელ ერერას დაქაჩა, მაგრამ არც მსაჯმა დაუსტვინა და არც VAR-მა მიუთითა არბიტრს შეცდომაზე.

მეორე ტაიმში კაზემირომ თავურით გაიტანა, ბენზემამ კი საჯარიმოს კიდიდან მეორეც შეაგდო. ამრიგად, მადრიდი „ატლეტიკოსთან” ერთად 32 ქულით ცხრილის სათავეშია, თუმცა ორი თამაშით მეტი აქვს ჩატარებული.

ცუდი ამბავი ამ თამაშში ის იყო, რომ პირველ ტაიმში სპრინტის შემდეგ როდრიგო წაიქცა და როგორც ჩანს ბარძაყის კუნთი გაიჭიმა. ის საკაცით გაიყვანეს.

სამაგიეროდ, ნათელი წერტილი იყო მარკო ასენსიო. ის მოედანზე როდრიგოს ნაცვლად შევიდა, ლამაზი ქუსლური დარტყმით ძელს გაარტყა ბურთი და მოგვიანებით კაზემიროს საგოლე პასი ჩააწოდა. ეს იყო ესპანელის კარგი თამაში და ზინედინ ზიდანისთვის კარგი საღამო”.