ესპანური ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა მოსაზრება გამოთქვა სუპერლიგის შექმნასთან დაკავშირებით:
– ესპანური კლუბების უმრავლესობა მადრიდის „ატლეტიკოს“ ჩათვლით სუპერლიგის წინააღმდეგია. ამ პოზიციაზეა ლა ლიგის 42-დან (პრიმერა და სეგუნდა დივიზიონები ერთად) 40 კლუბი. კარგად რომ დაფიქრდნენ, „რეალი“ და „ბარსელონაც“ წინააღმდეგნი უნდა იყვნენ. მხოლოდ ლა ლიგაა ლეგიტიმური და ორივეგან ვერ ითამაშებ. მათ არჩევანის გაკეთება მოუწევთ. მაქვს კონტაქტები პრემიერლიგასთან. ბევრს საუბრობენ „დიდ ექვსეულზე“, მაგრამ არც ერთს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია და ვფიქრობ, წინააღმდეგნი არიან. მათ მსოფლიოში საუკეთესო ტურნირი აქვთ. ეს მოდელი მუშაობს. მუშაობს ჩემპიონთა ლიგის მოდელიც. მაშ, რატომღა უნდა გარისკონ?
მე რომ მინდოდეს სუპერლიგა, გამოვიდოდი და პირდაპირ ვიტყოდი. არადა, ყველაფერი ჩუმად, პარტიზანულად ხდება, რადგან თავად არ არიან დარწმუნებულნი ამ პროექტის წარმატებაში.