მიკელ არტეტამ „არსენალის” ბოლოდროინდელი საშინელი ფორმა ისეთი არგუმენტებით დაიცვა, რომ საკუთარმა გულშემატკივარმა დასცინა. „მეთოფეთა” ესპანელმა თავკაცმა თქვა, სტატისტიკის თანახმად ჩემი გუნდი არ უნდა აგებდესო.

არტეტას არგუმენტებმა გულშემატკივარს მივიწყებული 2009 წელი გაახსენა, როდესაც „ლივერპულის” მაშინდელმა თავკაცმა რაფა ბენიტესმა სწორედ ფაქტების ჩამოთვლით გაილაშქრა „მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარული ბოსის სერ ალექს ფერგიუსონის წინააღმდეგ, რის გამოც ღლიცინის ობიექტად იქცა. მაშინ ბენიტესი ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ფერგიუსონი მსაჯებზე ზემოქმედებს.

დღევანდელ პრემიერლიგაში კი ასეთი მდგომარეობაა: მიმდინარე სეზონში „არსენალზე” მეტჯერ მხოლოდ ბოლო ორმა გუნდმა, „შეფილდ იუნაიტედმა” და „ვესტ ბრომვიჩმა” წააგო. ამის გამო, ბუქმეიქერებმა არტეტა დაასახელეს პრემიერლიგის იმ მწვრთნელად, რომელსაც ყველაზე მალე მოხსნიან.

ზემოთ აღნიშნულ პრეს-კონფერენციაზე არტეტამ თქვა: „ყველაფერი, რაც პრემიერლიგის მატჩებში ხდება, იყოფა ორ ნაწილად — ის, რაც შედეგებზე გავლენას ახდენს და ის, რაც შედეგებზე გავლენას არ ახდენს. ასეთ მიდგომაზე დაფუძნებული ანალიზი სწორი დასკვნების გაკეთების საშუალებას გვაძლევს. იოლი არ არის, მაგრამ თუ დავაკვირდებით, როგორ ვაგებთ, დავრწმუნდებით, რომ ჩვენს თავს რთულად დასაჯერებელი ამბავი ხდება.

ასე მაგალითად, გასულ სეზონში ჩვენ „ევერტონი” დავამარცხეთ ანგარიშით 3:2 მაშინ, როდესაც გამარჯვების 25 პროცენტიანი შანსი გვქონდა, ახლა შაბათს კი ჩვენს ხელთ იყო გამარჯვების 75 პროცენტიანი შანსი, მაგრამ 1:2 წავაგეთ.

„ბარნლისთან” შეხვედრაში ჩვენი დამარცხების შანსი სამად სამი პროცენტი იყო, „სფურზთან” კი 7 პროცენტი. ამის მიუხედავად ორივე შეხვედრა წავაგეთ. მაგრამ, თუ მუდმივად 60-70 პროცენტიანი შანსის შენარჩუნებას მოვახერხებთ, ბევრი მატჩის პერსპექტივაში აუცილებლად მოგებებზე გადავალთ და ეს სწორედ ის არის, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ.

„ბარნლისთან” ისე დავმარცხდით, რომ მეტოქეს ჩვენს კარში ბურთი ერთხელაც არ დაურტყამს.

ბურთის ფლობის პროცენტი კი მე საერთოდ არ მაინტერესებს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რას ვაკეთებთ, როდესაც ბურთს ვფლობთ და რამდენად ეფექტურები ვართ. ასე მაგალითად, გასულ სეზონში ვიგებდით თამაშებს, რომლებშიც გამარჯვების 25 პროცენტიანი შანსი გვქონდა, მაგრამ ბურთს რომ ვფლობდით, ეფექტურები ვიყავით.

ბოლო ორ სეზონში იმით გამოვირჩეოდით, რომ მოსალოდნელი გოლების რაოდენობა და მომენტების გამოყენების მაჩვენებელი მაღალი გვქონდა. ახლა, ეს პარამეტრები დაბალია და ამიტომაც ვკარგავთ ქულებს. უპირველეს ყოვლისა, სწორედ ეს ასპექტი უნდა გამოვასწოროთ”.