მანჩესტერში, 2020 წლის, BBC-ს საუკეთესო სპორტსმენთა დაჯილდოების ცერემონიალზე  წლის საუკეთესო სპორტსმენი ფორმულა 1-ის პილოტი ლუის ჰამილტონი გახდა.

F1-ის ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავი, ჰამილტონი 2020-ში მიხაელ შუმახერს გაუტოლდა — გახდა რა მსოფლიოს ჩემპიონი ზედიზედ მეოთხედ, ის ჯამში მეშვიდედ დაეუფლა ტიტულს.

35 წლის ვარსკვლავმა კარიერაში 91 გრან-პრი მოიგო და ამ მონაცემითაც გადაასწრო შუმახერს.

BBC-ს მთავარ ჯილდოში მას ეცილებოდნენ მოკრივე ტაისონ ფიური, მოკრიკეტე სტიუარტ ბორდი და სნუკერის დიდი ვარსკვლავი რონი ო’სალივანი.

საუკეთესო გუნდის პრიზი კი „ლივერპულს” მისცეს და მისმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ისარგებლა რა მომენტით, მეტოქეებს კბილი გაჰკრა — თქვა, რომ ამ ჯილდოს მაინცდამაინც მანჩესტერში აღება წარმატებას დამატებით გემოს მატებს.

მოგეხსენებათ, გასულ სეზონში, რომელიც კორონაპანდემიის გამო არნახულად გვიან, 26 ივლისს დასრულდა, ჩემპიონი გახდა „ლივერპული”. მერსისაიდელებმა სარეკორდო 99 ქულა მოაგროვეს, მხოლოდ სამი თამაში წააგეს და მეორე ადგილზე გასული „მანჩესტერ სიტი” 18(!) ქულით ჩამოიტოვეს.

გერმანელმა თქვა: „მინდა გითხრათ, რომ ამ ჯილდოს მანჩესტერში მიღება მას სიტკბოს მატებს”.

მანამდე კი ლივერპულელთა თავკაცმა ასე ბრძანა: „უპირველეს ყოვლისა, მინდა გითხრათ, რომ ყველა ის გუნდი, რომელიც ახლა, მოკლე მიმოხილვაში ვნახე, ჯილდოს იმსახურებდა, თუმცა ვფიქრობ, „ლივერპული” ღირსეული გამარჯვებულია. მან წარმოუდგენელი სამუშაო გასწია.

ეს იყო ნიჭის, ხასიათის, ჟინის და ნამდვილად დიადი კლუბის სიმძლავრის ნაზავი. ჩვენ გავიმარჯვეთ, რადგან ამ ყველაფერმა ერთად მოიყარა თავი. გულწრფელად გეუბნებით, ჩვენ უდიდესი მომენტი განვიცადეთ.

ფანებთან ერთად ზეიმი? დავიცდით. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა შევამციროთ დრო იმ მომენტამდე, როდესაც ისინი სტადიონს დაუბრუნდებიან.

ადრეც ვთქვით, რომ მათი დაბრუნებისთვის დიდი ზეიმის მოწყობას ვგეგმავთ, მაგრამ ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ ამას დრო სჭირდება. ვნახოთ, იქნებ მანამდე კიდევ მოვიგოთ რამე და ერთბაშად ორი დიდი წარმატება ავღნიშნოთ. ეს თუ არ მოხერხდება, გასული სეზონის დიდ წარმატებას მაინც ვიზეიმებთ. ერთი სული გვაქვს, როდის შევხვდებით ჩვენს გულშემატკივარს”.

ამ საღამოს იურგენ კლოპმა კიდევ ერთი ჯილდო მიიღო — ის წლის საუკეთესო მწვრთნელი გახდა.

„მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ აეწყო ყველაფერი ისე, როგორც აეწყო, ჩემი სამწვრთნელო გუნდი გახლავთ. ჯილდოს ჩემი ასისტენტების სახელით გამოგართმევთ და ლივერპულში წავიღებ. დიდი მადლობა”, — თქვა კლოპმა.

გულშემატკივართა გამოკითხვაში, ჰამილტონის შემდეგ, მეორე ადგილზე „ლივერპულის” კაპიტანი ჯორდან ჰენდერსონი გავიდა, მესამეზე კი ჟოკეი ჰოლი დოილი.