„რეალმა” ეიბარში 3:1 მოიგო. მადრიდელთა უპირატესობა უეჭველი იყო. ანგარიში მე-6 წუთზე ქარიმ ბენზემამ გახსნა, მე-13 წუთზე კი ლუკა მოდრიჩმა მეორეც მიაყოლა. 28-ე წუთზე კიკემ ულამაზესი დარტყმით შეამცირა სხვაობა, 90+2 წუთზე კი ლუკას ვასკესმა სტუმრების მესამე გოლით შეხვედრას წერტილი დაუსვა.

და მაინც, ამ მატჩში იყო საკამათო ეპიზოდი — უნდა დანიშნულიყო თუ არა „რეალის” კარში 82-ე წუთზე პენალტი? სურათის სისრულისთვის ვთქვათ, რომ ეპიზოდი მსაჯმა ვიდეოზე გადაამოწმა.

მომენტის აღწერით თავს არ შეგაწყენთ, ვინაიდან მთელი შეხვედრის ჰაილაითებს ქვემოთ, ვიდეომიმოხილვაში გთავაზობთ. ქვემოთ, ორი მადრიდელის, ზინედინ ზიდანისა და დანი კარვახალის კომენტარებს მოვიტანთ.

ზიდანი: „აქ, მნიშვნელოვანია, რომ მსაჯი თავის გადაწყვეტილებაში დარწმუნებულია. მე კი ასეთ საკითხებს არ ვუღრმავდები და ამას დღესაც არ ვიზამ. მატჩის სასტვენით მომსახურეობისთვის მოედანზე არბიტრი არსებობს.

რაც შეეხება თავად შეხვედრას, ბრწყინვალედ დავიწყეთ და ორი გოლი გავიტანეთ, თუმცა შემდეგ მეტოქემ თამაში გამოასწორა და სურათი შეცვალა. ჩვენ, ჩვენი მხრივ, ძალიან კონცენტრირებულები და ფოკუსირებულები ვიყავით. „ეიბართან” სტუმრად თამაში ყოველთვის ძნელია, რადგან მეტოქე პირველიდან ბოლო წამამდე იბრძვის, არ გნებდება. დიახ, მასპინძლებს თავისი წილი მომენტები ჰქონდათ, მაგრამ საბოლოო ჯამში თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით. ეს ჩვენი მატჩი იყო”.

კარვახალი: „სადავო ეპიზოდთან დაკავშირებით, დარწმუნებით ვერაფერს ვამბობ. მკაფიო კრიტერიუმებს არ გვეუბნებიან, არადა მათი შემოღება აუცილებელია, რადგან მერე ფეხბურთელებს გვაბრალებენ რაღაცებს”.