ცნობილი გახდა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი” 2021 წლის დასაწყისში მარკუს რეშფორდთან მოლაპარაკებების დაწყებას აპირებს. მიზანი: კლუბს სურს 23 წლის თავდამსხმელი დიდი ხნით დატოვოს „ოლდ ტრეფორდზე”.
ჩნდება კითხვა: როდის ეწურება რეშფორდს ამჟამინდელი ხელშეკრულების ვადა? 2023 წელს. პლუს, მასში ჩაწერილია პუნქტი, რომლის თანახმადაც მხარეებს სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ თანამშრომლობა კიდევ 12 თვით გაახანგრძლივონ. ერთი შეხედვით, თითქოს, საჩქარო არაფერია, მაგრამ მდიდარი უცხოური კლუბების აქტიურობამ „იუნაიტედის” შეფობას აფიქრებინა, რომ ფეხბურთელის დაბევება და მასთან მეგა-ხელშეკრულების სასწრაფოდ გაფორმება, უპრიანი იქნება.
რეშფორდი მიმდინარე სეზონში „მანჩესტერ იუნაიტედის” საუკეთესო ბომბარდირია. მან ყველა შეჯიბრებაში 12 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გადააწოდა.
ის, რომ რეშფორდი ოლე გუნარ სულშერისთვის ფასდაუდებელია, თავდამსხმელმა ბოლო ტურში, შეფილდშიც დაამტკიცა. ეს შეხვედრა „იუნაიტედმა” 3:2 მოიგო, ხოლო ინგლისის ნაკრების ფორვარდმა (40 თამაში 16 გოლი) სამიდან ორი შეაგდო.
ფეხბურთის გარდა, მარკუს რეშფორდმა 2020 წელს ქველმოქმედებით და ადამიანურობითაც გამოიჩინა თავი. მან მიუსაფარი ბავშვების შიმშილისგან გადასარჩენად გასწია დიდი სამუშაო, რისთვისაც დიდი ბრიტანეთის ორდენის წევრობა მიიღო.
„დეილი სტარი” წერს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი” რეშფორდს ხუთწლიან კონტრაქტს შესთავაზებს, სადაც ხელფასის გრაფაში, კვირაში 300 000 გირვანქა ჩაიწერება.
ხოლო მდიდარი უცხოური კლუბები, რომლებიც ახალგაზრდა ქველმოქმედისა და ვარსკვლავის ყიდვას ეშურებიან, გახლავან „რეალი”, „ბარსელონა” და „პარი სენ ჟერმენი”.
რასაკვირველია, ზაფხულში, ევროპის გადადებულ ჩემპიონატზე, მარკუს რეშფორდი ინგლისის ნაკრების ერთ-ერთი მთავარი საყრდენი და იმედი იქნება.
რეშფორდის დებიუტი „მანჩესტერ იუნაიტედში” 2016 წელს შედგა, რის შემდეგაც მან 234 შეხვედრაში 79 გოლი გაიტანა.