„ბარსელონაში” ორი თანატოლი თამაშობს — 21 წლის, ურუგვაელი რონალდ არაუხო და კატალონიელი რიკი პუჩი. მათ შესახებ, აზრი ჰკითხეს „ბლაუგრანას” თავკაცს რონალდ კუმანს.

რიკი პუჩი

პუჩი მიმდინარე სეზონში არაუხოზე იშვიათად, აქა-იქ თუ გამოჩნდება ხოლმე დიდ „ბარსაში”, მაშინ როდესაც მასზე, როგორც გამორჩეული ნიჭისა და უნარების ფეხბურთელზე ბევრს ლაპარაკობენ.

კუმანს ჰკითხეს, რატომ აძლევს არაუხოს მთავარ გუნდში თამაშის შანსს, პუჩს კი არა. როგორც ჩანს, ბარსელონელ ჟურნალისტებსა და ქომაგებზე ეროვნული მომენტიც მოქმედებს. ყველას სურს, რომ მათი თანამემამულე, ნაქები ახალგაზრდა, ჩამოყვანილზე ხშირად ჩანდეს დიდ სარბიელზე და ბრწყინავდეს.

კუმანმა უპასუხა: „ჩვენ ახლა ორ განსხვავებულ მოთამაშეზე ვლაპარაკობთ. რიკიზე იმას გეტყვით, რომ სასურველია, ის უფრო ათლეტური იყოს, თუმცა მთავარი ის არის, რომ მე მიყვარს, როდესაც ფეხბურთელი ყოველდღიურად ცდილობს აიმაღლოს ოსტატობა და როდესაც ამის შანსი ეძლევა, ამ შანსს ორივე ხელით ეჭიდება.

ჩვენს გუნდში, პუჩის პოზიციაზე, ნახევარდაცვაში, დიდი კონკურენციაა, ის კი ვარჯიშებზე არ ინდომებს სათანადოდ, რომ აზრი შემაცვლევინოს და მაფიქრებინოს, რომ ძირითად შემადგენლობაში თამაშის ღირსია. თანამედროვე ფეხბურთში მარტო მონაცემები არაფერს წყვეტს, კიდევ ბევრი რამ არის საჭირო”.

ცნობილია, რომ სეზონის დაწყების წინ კუმანმა პუჩს უთხრა, ძირითადში თამაშის დიდი იმედი ნუ გექნებაო და იჯარის წესით სხვა კლუბში გადასვლა შესთავაზა, მაგრამ ფეხბურთელმა უარით უპასუხა.