„დორტმუნდმა” „იუნიონ ბერლინთან” 1:2 წააგო და საჩემპიონო ბრძოლისთვის პოზიცია გაიუარესა. თუ კვირას „ვოლფსბურგი” „შტუტგარტს” მოუგებს, ედინ ტერზიჩის გუნდი საახალწლოდ ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელ ადგილზეც კი არ იქნება.
ეს გახლდათ დორტმუნდელთა მეორე თამაში მას მერე, რაც ლუსიენ ფავრი ახალგაზრდა და გამოუცდელმა მწვრთნელმა, ტერზიჩმა შეცვალა. პირველი თამაში „შვარცგელბენმა” ანუ შავ-ყვითლებმა ბრემენში „ვერდერს” 2:1 მოუგეს და გერმანულ პრესაში დაიწერა, რომ კრიზისი დაძლეულია, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ ბერლინში ჩატარებულმა მატჩმა კრიზისის თემა კვლავ წამოსწია.
დორტმუნდელთა შვეიცარიელი მეკარე რომან ბურკი: „ბურთს ძირითადად ჩვენ ვფლობდით და ვათამაშებდით, რათა მეტოქე დაგვეღალა, მაგრამ ამით სარგებელი ვერ ვნახეთ”.
შემდეგ 30 წლის გოლკიპერს ჰკითხეს, თუ რატომ გაუშვა ორივე გოლი კუთხურიდან. მან უპასუხა:
„ჩვენ ყველა პოზიცია ძალიან მკაფიოდ გვქონდა განაწილებული. გოლები უბრალოდ თვითდისციპლინის ნაკლებობის ბრალი იყო”.
და ბოლოს, დღეს „ლევერკუზენი” „ბაიერნს” ხვდება. ეს ლიდერების მატჩია, რომლის შედეგზეც დამოკიდებული იქნება რა სხვაობით ჩამორჩება საახალწლოდ „დორტმუნდი” პირველადგილოსანს, 7,8 თუ 9 ქულით.