„ტოტენჰემმა” „ენფილდზე” „ლივერპულთან” 1:2 წააგო და ჟოზე მოურინიუმ იურგენ კლოპს უთხრა, დღეს უფრო ძლიერი გუნდი დამარცხდაო.

თამაშის ბედი 90-ე წუთზე გადაწყდა, როდესაც 1:1-ზე რობერტო ფირმინომ თავური დარტყმით მასპინძელთა გამარჯვების გოლი შეაგდო და ცხრილში ლიდერი შეცვალა — ახლა 28 ქულით პირველ ადგილზე „ლივერპულია”, „სფურზი” კი 25 ქულით მეორეზე ჩავიდა. შემდეგ, 24 ქულით, „საუთჰემპტონი” და „ლესტერი” მოდიან.

თამაშის დამთავრების შემდეგ ისე გამოჩნდა, თითქოს, მწვრთნელები რაღაცაზე დავობდნენ და ამ დავის დროს „ლივერპულის” თავკაცი კოლეგას გაკვირვებული უსმენდა. „ამაზონ პრაიმ ვიდეოსთან” ინტერვიუს დროს, მოურინიუ კლოპის ქცევასაც გადაწვდა. ისე როგორც, თავის დროზე პეპ გვარდიოლას, მოედნის კიდესთან ექსცენტრიულობა დაუწუნა.

57 წლის პორტუგალიელმა თქვა: „მე მას ვუთხარი, რომ დღეს უკეთესი გუნდი დამარცხდა. ის არ დამეთანხმა, მაგრამ ეს მისი აზრია. სხვათა შორის, მე რომ თამაშის მსვლელობისას ისე მოვიქცე, როგორც კლოპი იქცევა, ერთ წუთში გამაგდებენ. გინდათ, ჩავატაროთ ექსპერიმენტი და მეოთხე მსაჯს მეც გამოვართვა ხელიდან საათი-ტაბლო, რომ ვნახო, რამდენი დარჩა მატჩის დამთავრებამდე? გარკვეული მიზეზების გამო მე სხვანაირად მექცევიან და ეს სამწუხაროა”.

თავის მხრივ, კლოპმა თქვა, რომ მისი გუნდი გამარჯვებას იმსახურებდა, მაგრამ არც მეტოქის შექება დაავაწყდა და „ტოტენჰემს” კონტრშეტევის მონსტრი უწოდა.

„ვფიქრობ, ეს იყო ძალიან კარგი თამასი უმაღლესი დონის გუნდის წინააღმდეგ, რომელიც კონტრშეტევის მონსტრია. მის წინააღმდეგ, საკმარისია ბურთი დაკარგო, რომ სულ მალე, 80 პროცენტით ის შენს საჯარიმოში აღმოჩნდება.

გამარჯვება კი სრულიად დამსახურებული იყო. რა შესანიშნავი თავური დაარტყა ბობიმ.

„სფურზი” აშკარად ერთ-ერთი ფავორიტია, რადგან მაღალი დონის გუნდია, რომელიც ხარისხიან ფეხბურთს თამაშობს. ის, სეზონის ბოლომდე ლიდერთა შორის იქნება”.

„ლივერპულისა” და „ტოტენჰემ ჰოთსპურის” შეხვედრაში ანგარიში 26-ე წუთზე მო სალაჰმა გახსნა, თუმცა, 33-ე წუთზე სონმა გაქვითა. მატჩის გადამწყვეტი გოლი, როგორც მოგახსენეთ, 90-ე წუთზე რობერტო ფირმინომ გაიტანა.