„ბაიერნმა” 2:1 მოუგო „ვოლფსბურგს” და ეს შეხვედრა უპირველეს ყოვლისა იმით იყო საინტერესო, რომ ჰანსი ფლიკმა ვინც კი შემტევი ჰყავდა, ყველა მოედანზე გაიყვანა. ერთად იყვნენ მიულერი, კომანი, გნაბრი, სანე და, რასაკვირველია, რობერტ ლევანდოვსკი, რომელმაც ორივე გოლი გაიტანა.

გასაკვირი კი ის იყო, რომ ანგარიში სტუმრებმა გახსნეს — მაქსიმილიან ფილიპმა მე-5 წუთზევე შეაგდო „რეკორდმაისტერის” კარში. ფილიპს ბუნდესლიგაში გატანილი გოლის გემო 2018 წლის 20 ოქტომბრის შემდეგ დავიწყებული ჰქონდა. მაშინ ის „დორტმუნდში” თამაშობდა და „შტუტგარტს” გაუტანა.

„ბაიერნმა” პირველი ტაიმის დამთავრებამდე წამებით ადრე გაათანაბრა: კომანმა ჩააწოდა, ლევანდოვსკიმ კი თავური დაარტყა. ეს გახლდათ პოლონელის 250-ე გოლი ბუნდესლიგაში ჩატარებულ 332-ე შეხვედრაში. ლევანდოვსკიმდე ამ ზღვარს მხოლოდ ორმა ფეხბურთელმა გადააბიჯა: 284 შეხვედრიდან გერდ მიულერმა და 460 შეხვედრიდან კლაუს ფიშერმა.

ლევანდოვსკის იმედი აქვს, რომ დღეს ფიფა მას წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელებს. მის გარდა ნომინანტი ორია: ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ.

2020 წლის საუკეთესოდ რობერტ ლევანდოვსკი უკვე დაასახელეს გერმანიაში. ის აგრეთვე პირველი იყო 2019-20 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, ჟურნალების FourFourTwo-სა და World Soccer-ის, აგრეთვე გაზეთ „ტუტოსპორტის”  და უეფას 2019-20 წლების სეზონის საუკეთესოს გამოკითხვებში.

მეორე ტაიმის მეხუთე წუთზე კი ანგარიში 2:1 გახდა „რეკორდმაისტერის” სასარგებლოდ. გოლი, როგორც ზემოთ გითხარით, კვლავ პოლონელმა გაიტანა, მაგრამ ამ ეპიზოდში აღსანიშნავი იყო ჯერომ ბოატენგის საგოლე პასიც.

თუმცა, იყო ერთი ეპიზოდი, როდესაც „ბაიერნი” მანუელ ნოიერმა გადაარჩინა. „ვოლფსბურგს” ანგარიშის გათანაბრება შეეძლო — ლევანდოვსკის 19 წლის თანამემამულემ ბარტოშ ბაილეკმა 85-ე წუთზე, 13 მეტრიდან დაარტყა, მაგრამ „ბაიერნის” გოლკიპერმა მარცხენა ხელის „დატოვება” მოასწრო და სამი ქულა გადაარჩინა.

ამრიგად, 12 ტურის შემდეგ ბუნდესლიგას 28 ქულით „ლევერკუზენი” ლიდერობს, 27 ქულით კი მეორე-მესამე ადგილებზე „ბაიერნი” და „ლაიპციგი” მოდიან.