არიან ათლეტები, რომელთა სახელები სპორტის ისტორიაში სამუდამოდ დარჩებიან. ამის ნათელი მაგალითია ჩეხი ჰოკეისტი იარომირ იაგრი, ვინაც ოლიმპიური ჩემპიონობა ჯერ კიდევ 1998 წელს, ნაგანოში მოასწრო. ჩეხებმა მაშინ ფინალში რუსებს მოგებს – 1:0.
საერთოდ, იაგრიზე ბევრი და დიდხანს შეგვიძლია ვისაუბროთ. ოლიმპური ოქროს მედლის გარდა, იაგრის სანაკრებო დონეზე ორჯერ აქვს მოგებული მსოფლიოს ჩემპიონობა და ამდენჯერვე „სტენლის თასი“ „პიტსბურგ პინგვინზის“ შემადგენლობაში. შედეგებიდან გამომდინარე, იაგრი დამსახურებულად ითვლება „სამმაგი ოქროს კლუბის“ წევრად.
მის შორეულ კარიერაზე ქვემოთ ვთქვათ, ახლა კი 2018 წელი გავიხსენოთ, როდესაც სათამაშოდ ჩეხურ „კლადნოში“ გადავიდა და სადაც კარიერა 16 წლის ასაკში დაიწყო. შემდეგ კი, გაუჩნდა შანსი, გამომუშავებული თანხა იქვე დაებანდებინა და ამ გუნდის მფლობელი გამხდარიყო.
მართალია, შარშან „კლადნო“ ექსტრალიგიდან გავარდა, მაგრამ „მოხუც“ იაგრის თავი არ შეურცხვენია და 38 მატჩში 15 შაიბა გაიტანა და 14 პასი გააკეთა.
შემდეგ იყო ტრავმა და…
284 დღის შემდეგ 48 წლის იაგრი გუშინ მოედანზე ისევ გავიდა – „კლადნომ“ ჩელენჯ ლიგის პირველადგილოსან „იჰლავას“ უმასპინძლა, 7:5 დაამარცხა და ლიდერთან სხვაობა 5 ქულამდე შემაცირა. თუმცა, ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
იაგრიმ გამარჯვებაში საკუთარი წვლილი შეიტანა – მესამე მეოთხედის მე-4 წუთზე, როდესაც ანგარიში 3:3 იყო, მატიაშ ფილიპს უპასა და „კლადნო“ 4:3 დაწინაურდა, რასაც საბოლოოდ ლიდერის დამარცხება მოჰყვა.
კარიერის მანძილზე იაგრის NHL-ში 1733 მატჩი აქვს ჩატარებული. მის ანგარიშზე 766 გატანილი შაიბა და 1155 შედეგიანი პასი გახლავთ. ჩეხი ჰოკეისტი იცავდა „პიტსბურგის“, „ვაშინგტონის“, „ნიუ იორკ რეინჯერსის“, „ფილადელფიას“, „დალასის, „ბოსტონის“, „ნიუ ჯერსის“, „ფლორიდასა“ და „კალგარის“ ღირსებას.
როგორც გითხარით, ახლა „კლადნოსთვის“ ირჯება – ყინულზეც ყვანჯს იქნევს, ხოლო კაბინეტში კლუბის საქმეებს აგვარებს…