ქართული ფლეი ოფის პირველი მატჩები სტუმართა გამარჯვებებით დასრულდა. მოგეხსენებათ, საქმე ელიტაში დარჩენას ეხება. ეროვნული ლიგის მერვეადგილოსანმა „ტორპედომ“ ლიგა 2-ის მესამეადგილოსან „გაგრას“ მოუგო ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ (0:2).
ლიგა 2-ის ვიცე ჩემპიონმა „სამგურალმა“ კი, რომელიც მხოლოდ ქულით ჩამორჩა გამარჯვებულ „შუქურას,“ იმავე ანგარიშით ელიგის ბოლოსწინა გუნდ „ჩიხურას“ სძლია „მიხეილ მესხის“ სათადარიგო მოედანზე.
საინტერესო დამთხვევა – ორივე გამარჯვებულმა მეორე გოლი 81-ე წუთზე გაიტანა…
საპასუხო შეხვედრები 19 დეკემბერს გაიმართება ქუთაისსა და წყალტუბოში. თუ სასწაული არ მოხდა, მომავალ სეზონში ელიტაში სწორედ „ტორპედო“ და „სამგურალი“ ითამაშებენ.
უჩა სოსიაშვილმა ისევ გაგვახსენა თავი. ხომ გახსოვთ, 2015-ში, გორის „დილა“ რომ გააჩემპიონა. მაშინ თავად მხოლოდ 25 წლის იყო. მერე თითქოს დაიკარგა, მაგრამ აი, ახალი წარმატება. წყალტუბოშიც ჩინებული გუნდი ჩამოაყალიბა. მის ბიჭებს ელიტამდე სულ ცოტაღა აკლიათ და ახლახან ქვეყნის თასის ფინალშიც ხომ ითამაშეს.
გაგრა – ტორპედო 0:2
0:1 ივანიშვილი (24), 0:2 ნადარაია (81)
ჩიხურა – სამგურალი 0:2
0:1 ბურჯანაძე (77), 0:2 კუხიანიძე (81)