ქარიმ ბენზემამ მე-13 წუთიდან ათი კაცით დარჩენილ „ბილბაოს” ორი გოლი გაუტანა და გადამწყვეტი როლი ითამაშა „რეალის” გამარჯვებაში — 3:1. ახლა მადრიდელებს 26 ქულა აქვთ და ლიდერების, „სოსიედადისა” და „ატლეტიკოს” ტოლად არიან, თუმცა „ატლეტიკოს” ორი მატჩი მარაგში აქვს.

„რეალმა” მეორე ტაიმში უკეთ ითამაშა, თუმც, როგორც მოგახსენეთ, თავიდანვე რიცხობრივ უპირატესობაში აღმოჩნდა — 34 წლის რაულ გარსიამ 13 წუთში ორჯერ მოახერხა ყვითელი ბარათის მიღება.

მასპინძლებმა ანგარიში 45+2 წუთზე გახსნეს — ტონი კროოსმა საჯარიმოს გარედან, დაბალი დარტყმით შეაგდო ბურთი ბასკების კარში.

ბილბაოელთა მცველმა ანდერ კაპამ მეორე ტაიმის დასაწყისში, სწრაფი კონტრშეტევის შედეგად ანგარიში გაქვითა. მისი პირველი დარტყმა ტიბო კურტუამ მოიგერია, მეორეს წინააღმდეგ კი ბელგიელმა მეკარემ ვერაფერი გააწყო. ამ ეპიზოდში „რეალის” მცველებს მეტი ყურადღება მართებდათ. მათ კაპასთვის ხელმეორედ დარტყმის საშუალება არ უნდა მიეცათ.

შემდეგ ვინისიუს ჟუნიორს გოლი არ ჩაუთვალეს ოფსაიდის გამო, ბოლოს კი 74-ე და 90+2 წუთებზე ბენზემას დროც (იხ. ვიდეო) დადგა.

შეხვედრის შემდეგ მადრიდელთა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ბენზემას ხოტბა შეასხა:

„ჩემთვის ქარიმ ბენზემა ყველა დროის საუკეთესო ფრანგი თავდამსხმელია. ის ამას დღენიადაგ ამტკიცებს და უკვე რამდენი წელია „რეალში” თამაშობს. მან მადრიდში 500 თამაშზე მეტი ჩაატარა. მას გოლები გააქვს. ჩემს შეფასებებს თავი რომ დავანებოთ, შედეგები თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე. ბენზემა სრულყოფილი ფეხბურთელი გახდა. ის კლასიკური 9 ნომერი აღარ არის, მარტო გოლების გატანაზე არ ფიქრობს”.