NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთმა ფუნქციონერის აზრით, რომლის სახელი და გვარი არ ხმაურდება, MVP-ს ტიტულის მისაღებად ლებრონ ჯეიმსის უმთავრესი კონკურენტი „დალას მავერიქსის“ სლოვენიელი მცველი ლუკა დონჩიჩი იქნება.
„თუ შუბლზე პისტოლეტს მომადებთ და მეტყვით, ვინ მინდა გუნდში იმისთვის, რომ ფლეი ოფის სერია მოვიგო, გეტყვით რომ ლებრონი… თუმცა იქვე დავამატებ – ლებრონს „ის“ დალასიდან მაგრად უტევს. დონჩიჩს აქვს პოტენციალი, რომ MVP-ის რამდენიმე ტიტული მოიგოს“, – აცხადებს უცნობი ფუნქციონერის სიტყვებს Fadeaway World.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში 21 წლის დონჩიჩი NBA-ს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი გახდა, რომელიც პირველ სიმბოლურ გუნდში შეიყვანეს. მასთან ერთად ხუთეული შეადგინეს ლებრონ ჯეიმსმა (ლოს ანჯელეს ლეიკერსი), იანის ადეტოკუმბომ (მილუოკი ბაქსი), ენტონი დევისმა (ლოს ანჯელეს ლეიკერსი) და ჯეიმს ჰარდენმა (ჰიუსტონ როკეტსი).