„არსენალს” პრემიერლიგაში სეზონი ასე ცუდად არასდროს დაუწყია, მაგრამ კლუბი მაინც მიკელ არტეტას მწვრთნელად დარჩენას უჭერს მხარს. ფაქტია, არტეტას კრიტიკა არ აკლია, ოღონდ, აგერ, „მეთოფეთა” ტექნიკურმა დირექტორმა ედუმაც თავისი კეთილი სიტყვა შეაწია ესპანელს.

ყოფილმა ნახევარმცველმა თქვა: „ჩვენთან ყველაფერი წესრიგშია და თუ ჩვენს გეზს დააკვირდებით, დამეთანხმებით, რომ წინ დიდი, მშვენიერი მომავალი გველის”.

ასეთი ოპტიმიზმი, ცხადია, აოცებს ჩრდილოლონდონელთა ქომაგს, რომელიც ხედავს, რომ მისმა საყვარელმა გუნდმა პრემიერლიგის ბოლო ათი თამაშიდან შვიდი წააგო და გასავარდნთა ზონას სულ 5 ქულით აღემატება.

და მაინც, ედუ ამტკიცებს, რომ „არსენალს” მწვრთნელი შესაცვლელი არ ჰყავს. ბრაზილიელი აგრეთვე ამბობს, რომ ხმები გასახდელში არეულობის შესახებ, ტყუილია. ცნობისათვის: 38 წლის არტეტა ამ კვირაში თანამდებობაზე ყოფნის ერთი წლისთავს ითვლის.

ედუ: „მოდი, ცოტათი ჩავიხედოთ კლუბის ცხოვრებაში. შეშფოთების საფუძველი იმ შემთხვევაში მექნებოდა, ფეხბურთელებს რწმენა რომ ჰქონდეთ დაკარგული, ან სტაფი არ ვარგოდეს. მაგრამ, ყოველდღე, დილის 9 საათიდან საღამოს 6-მდე აქ ვარ და აშკარად ვხედავ, რომ ყველაფერი კარგად მიდის.

როდესაც მიკელი უნაი ემერის ცვლიდა, ვიცოდით, რომ რთული პერიოდი გვექნებოდა გადასალახავი, მაგრამ ის დიდ სამუშაოს ასრულებს და ვხედავ, რომ წინ საინტერესო მომავალი გველის. კარგად მესმის, რომ ეს სიტყვები პრემიერლიგის ცხრილში ჩვენს პოზიციასთან აცდენილია, მაგრამ მერწმუნეთ, დღეს, „არსენალის” შედეგები კლუბში მუშაობის ხარისხს არ შეესაბამება.

აქა-იქ, კლუბის გარეთ, ყური მოვკარი ჭორებს, თითქოს ჩვენთან არიან ფეხბურთელები, რომლებიც არტეტას არ ელაპარაკებიან, მისი არ სწამთ და ასე შემდეგ, მაგრამ ეს სულ ტყუილია. ამ ინტერვიუსაც იმიტომ ვაძლევ, რომ დაგარწმუნოთ — კლუბში ყველაფერი წესრიგშია და ვფიქრობ, შედეგებიც მალე გამოსწორდება”.

რაც შეეხება იანვრის სატრანსფერო პერიოდს. ედუ ამბობს, რომ მას მერე, რაც „არსენალმა” ზაფხულში 83 მილიონი გირვანქა დახარჯა და იყიდა თომას პერტი, გაბრიელი, პაბლო მარი და ალექს რუნარსონი, ზამთარში დიდი ფულის გაღება აღარ არის საჭირო.

„რასაკვირველია, ბაზარზეც რამეს ვიზამთ, მაგრამ თუ ვინმე ელის, რომ ლეო მესის მსგავს ჯადოქარს მოვიყვანთ, ცდება. ჩვენ უკვე გვყავს გუნდი, მწვრთნელი და სტაფი. ახლა, ჩვენი ამოცანა ამ ხალხით კარგი შედეგების მიღწევაა”.