„მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცმა ოლე გუნარ სულშერმა თქვა, რომ მისი გუნდის მიერ, ცოტა არ იყოს ერთფეროვან მანჩესტერულ დერბიში, ნაჩვენები ფეხბურთი იყო საუკეთესო — ასე, „სიტისთან”, რაც მე მწვრთნელი ვარ, არ გვითამაშიაო. შეხვედრა დასრულდა 0:0.

სულშერის ნათქვამი ერთი შეხედვით უცნაურია, რადგან გასულ სეზონში მისმა გუნდმა „ხმაურიანი მეზობლები” სამჯერ(!) დაამარცხა. ნორვეგიელი გახდა მეორე მწვრთნელი, რომელმაც პეპ გვარდიოლას ერთ სეზონში სამჯერ მოუგო — ორჯერ პრემიერლიგაში და ერთხელ „კარაბაოს თასზე”.

და რა მოხდა ასეთი შაბათს, 47 წლის ვეტერანი რომ აღაფრთოვანა? „იუნაიტედმა” „სიტის” კარში მთელი 90 წუთის განმავლობაში ხომ სულ ორჯერ დაარტყა.

სულშერი: „ჩემს პერიოდში „მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ ასეთი კარგი შეხვედრა არ ჩაგვიტარებია. ხაზს ვუსვამ, ვლაპარაკობ არა საუკეთესო შედეგზე, არამედ ხარისხზე. დღეს მჭიდრო თამაში იყო. კი ბატონო, გასულ სეზონში რამდენჯერმე მოვუგეთ, მაგრამ ის სხვანაირი მატჩები იყო. მეტოქეს გოლის გატანის აშკარა შესაძლებლობები ჰქონდა.

დღეს ჩვენ ვნახეთ ორი კარგი გუნდის შეხვედრა. ვიცოდით, რომ ტაქტიკურად მეტოქე პრობლემებს შეგვიქმნიდა, მაგრამ დაცვაში ვიყოჩაღეთ. სწორედ დაცვით ვარ ძალიან კმაყოფილი.

რაც შეეხება შეტევას, როდესაც ბურთი ჩვენ გვქონდა, იმდენი მომენტი ვერ შევქმენით, რამდენიც გვინდოდა, რომ შეგვექმნა”.

შეგახსენებთ, რომ სულშერი ამ შეხვედრის წინ კრიტიკის ობიექტი გახლდათ, რადგან „იუნაიტედი” შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდა, მაგრამ როი კინმა თავისი ყოფილი თანაგუნდელი დაიცვა და თქვა, რომ ის კვლავ იმსახურებს შანსს განაგრძოს მუშაობა „მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცის თანამდებობაზე.

„სქაი სპორტის” ექსპერტმა განაცხადა: „მრჩება შთაბეჭდილება, რომ ოლე სულ სამსახურის შენარჩუნებისთვის იბრძვის. „მანჩესტერ იუნაიტედის” ყველა წაგება მას ბრალდება, მოგებას კი სულ იღბალს მიაწერენ. სულშერს ერთი კარგი თვისება აქვს — როდესაც მის გუნდს აკრიტიკებენ, ის ყოველთვის დასკვნებს აკეთებს. აცადეთ მას ზაფხულამდე. ვფიქრობ, ოლე ჯერ კიდევ იბრძვის რომელიმე ჯილდოს მოსაგებად და აპირებს სეზონი წარმატებით დაასრულოს. ვფიქრობ, ის მაინც აღმართავს რომელიმე ტროფის”.