„რეალმა” მადრიდული დერბი მოიგო — 2:0. წაგების მიუხედავად „ატლეტიკო” 26 ქულით პირველ ადგილზე დარჩა. თან, დიეგო სიმეონეს გუნდს ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული, მაგრამ „რეალი” 23 ქულით მესამეზე გადავიდა და ის პოზიცია დაიკავა, საიდანაც მწვერვალის დასალაშქრად ბრძოლა უფრო მოხერხებულია.
„ლოს ბლანკოსის” გახარებულმა თავკაცმა ზინედინ ზიდანმა მატჩის შემდეგ თავისი ფეხბურთელები შეაქო. ფრანგისთვის ეს იყო ჩინებული კვირის ბოლო აკორდი: „რეალმა” 7 დღეში მოუგო „სევილიას”, „გლადბახს” და „ატლეტიკოს”.
შაბათს, „რეალმა” „ატლეტიკოს” თამაშით აჯობა. ნახევარდაცვაში გამოირჩეოდნენ ვეტერანები ლუკა მოდრიჩი და ტონი კროოსი.
ზიდანი: „ანგარიშის გასახსნელად მეტოქე გავტეხეთ, ეს მართალია. გარკვეულ გეგმას მივდევდით — თამაშს სწრაფად ვუცვლიდით მიმართულებებს და დიაგონალურ პასებს ვიყენებდით. მოდრიჩი და კროოსი კი იმის დედა მ….ნ ( Están de puta madre, son expecionales ესპ.) ისეთი მაგრები იყვნენ. ისინი განსაკუთრებულები არიან.
ქარიმიც… და ლუკას ვასკესიც ფენომენალური იყო, დანი კარვახალიც, ჩვენი კაპიტანი სერხიო რამოსიც, რაფაელ ვარანიც. ყველამ ჩინებულად ითამაშა.
მთელი მატჩით ძალიან კმაყოფილი ვარ. ისევე, როგორც წინა შეხვედრით, ჩემპიონთა ლიგაში. და ეს შევძელით „ატლეტიკოსთან”, რომელიც 26 შეხვედრაში დაუმარცხებელი იყო.
მთელ მოედანზე პრესინგს შესანიშნავად გავართვით თავი. მეტოქეს თამაშში ჩართვის შესაძლებლობა არ მივეცით. მათ მხოლოდ ერთი მომენტი ჰქონდათ, საულის. სხვა მხრივ, ყველაფერს ჩვენ ვაკონტროლებდით”.