53 წლის ესპანელმა მწვრთნელმა და ყოფილმა ფეხბურთელმა ხუან კარლოს უნსუემ, რომელიც 1988-90 წლებში „ბარსელონაში”, ხოლო 1990-97 წლებში „სევილიაში” თამაშობდა, 2020 წლის ივნისში, „კამპ ნოუზე”, სწორედ „ბარსელონასა” „სევილიას” შეხვედრის წინა დღეს, პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ლატერალური ამიტროფული სკლეროზი დაუდგინდა და იძულებულია, საქმიანობას ჩამოშორდეს, რათა მთელი დრო უკურნებელ სენთან ბრძოლას დაუთმოს.

ახლახან უნსუემ (1914-17 წლებში, „ბარსაში”, ლუის ენრიკეს ასისტენტი გახლდათ) YouTube-ს არხ Idolos-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ბევრ რამეზე იუმორით ილაპარაკა, თუმცა ბევრ სხვა საკითხთან ერთად ლეო მესის თემასაც შეეხო და ზაფხული გაიხსენა, როდესაც არგენტინელს „კამპ ნოუდან” წასვლა უნდოდა.

„არ დაგიმალავთ და როდესაც შევიტყვე, რომ მესის „ბარსელონადან” წასვლა უნდოდა, ძალიან გამიკვირდა, მაგრამ კარგად ვიცნობ რა როგორც კლუბს, ასევე პირადად ლეოს, მივხვდი, რომ ის ამას მეტისმეტად სერიოზული მიზეზის გარეშე არ გააკეთებდა. და იმასაც მივხვდი, რომ თუ მესი საბოლოოდ მაინც დარჩებოდა, ესე იგი, თამაშში გულს ჩადებდა და თავის ცნობილ ამბიციასაც შეინარჩუნებდა.

მესი იმიტომ არის ისეთი, როგორიც არის, რომ ამბიციურია და სტრესული პერიოდების გამკლავება შეუძლია. ის საკუთარ თავს ყოველთვის საუკეთესოობას სთხოვს და იმავეს ითხოვს გარშემო მყოფთაგან, იქნება ეს თანაგუნდელი, ფიზიოთერაპევტი თუ მწვრთნელი. ასეთი მოთხოვნის ქვეშ ცხოვრება კი დიდი სტრესია, რასაც თანაგუნდელთაგან ყველა ვერ უძლებს”.

შემდეგ, უნსუეს რონალდ კუმანის შესახებაც ჰკითხეს. მან უპასუხა:

„ვფიქრობ, კუმანი მესის და ზოგადად, მთელ გუნდს კარგად უძღვება. რასაკვირველია, სიტუაცია რთულია: დიდ გუნდში მისვლა გაცილებით ძნელია, როდესაც მან ტიტულების მოგება შეწყვიტა და შენ ისევ უნდა მოაგებინო.

როდესაც მე ლუის ენრიკესთან ერთად „ბარსელონაში” მივედი, გუნდს მთელი წელი არაფერი ჰქონდა მოგებული. ასეა ახლა კუმანიც. ის დედამ….ლ პერიოდში მივიდა, თუმცა, თუ პერიოდი დედამ…ი არ არის, ისე ვინ დაგიძახებს, მოდი, „ბარსელონას” მწვრთნელი გახდიო”.