ჩემპიონთა ლიგა თებერვლამდე გაჩერდა. ეს იმას ნიშნავს, რომ „ბარსელონას” ახლა უკვე შეუძლია მთელი ყურადღება ესპანეთის ჩემპიონატსა და ორ თასზე გადაიტანოს: ახალი წლის დღეებში სამეფო თასის თამაშებიცაა და ესპანეთის სუპერთასისაც.

კლუბის ახალი პრეზიდენტის არჩევნები კი 24 იანვარს გაიმართება. მანამდე ლა ლიგის 9, სამეფო თასის ერთი და სუპერთასის ერთი ან ორი მატჩია დარჩენილი. ერთი თუ ორი, იმაზე იქნება დამოკიდებული, გავა „ბლაუგრანა” ფინალში თუ არა.

დღეისათვის „ბარსა” ლა ლიგის ცხრილში მე-9 ადგილზეა და ლიდერ „ატლეტიკოს” 12 ქულით ჩამორჩება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რონალდ კუმანმა უნდა მოახერხოს და გუნდი გამარჯვების გზაზე შეაყენოს.

არჩევნებამდე „ბარსას” ლა ლიგის სხვა გუნდებზე მეტი აქვს სათამაშო. მიზეზი: „რეალ სოსიედადთან” მას ოთხშაბათს გადმოუდეს დაპირისპირება, რადგან კალენდარში სუპერთასისთვის დღე გაეთავისუფლებინათ. აგრეთვე, 6 იანვარს ჩასატარებელია სექტემბრიდან გადმოტანილი შეხვედრა „ბილბაოსთან”. ეს მატჩი „სან მამესზე” გაიმართება.

ასე რომ, ახლა იწყება პერიოდი, როდესაც კუმანმა მომავალ პრეზიდენტს უნდა დაუმტკიცოს, რომ თანამდებობაზე დატოვების ღირსია.