ხვალ, მანჩესტერული დერბია — „იუნაიტედი” „სიტის” მასპინძლობს და ვეტერანი ჯოლიონ ლესკოტი, რომელიც 2009-14 წლებში „ქალაქელი” იყო, ამბობს, რომ მისი ყოფილი გუნდის სათადარიგოთა სკამზე კუნ აგუეროს გამოჩენა „იუნაიტედს” დააფრთხობს.
„სიტის” რეკორდსმენმა ბომბარდირმა ტრავმა მოიშუშა და მოედანს ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში, „მარსელთან” დაუბრუნდა. ის მოედანზე 66-ე წუთზე შევიდა და 11 წუთში დაბრუნება გოლით აღნიშნა. მანჩესტერელებმა ფრანგულ კლუბს 3:0 მოუგეს.
მატჩის შემდეგ „ქალაქელთა” მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ თქვა, რომ აგუერო ჯერ არ არის მზად „ოლდ ტრეფორდზე” თავიდანვე სათამაშოდ, მაგრამ დასძინა, რომ არგენტინელი სწრაფად შედის კარგ ფორმაში.
აღსანიშნავია, რომ აგუეროს მანჩესტერულ დერბიში 9 გოლი აქვს გატანილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დაპირისპირების ყველა დროის მეგოლეთა შორის ის მესამე ადგილზეა, ოღონდ ამ პოზიციაზე მარტო არ არის.
ლესკოტმა კი თქვა: „კუნი აშკარად მოწადინებული იქნება, რომ დერბიში თავისი სიტყვა თქვას. ის და უეინ რუნი ყოველთვის დერბის მთავარი გმირები იყვნენ. სანამ აგუერო ფეხბურთს ითამაშებს, გოლებს გაიტანს. იმ დღეს, ოთხშაბათს, „მარსელს” რომ გაუტანა, ალბათ ბევრი უყურებდა და ფიქრობდა, რომ ასეთ გოლს თავადაც შეაგდებდა, მაგრამ აქ მთავარი ალღოა. მთავარია, საჭირო მომენტში საჭირო ადგილას იყო, ეს კი სერხიოს ბუნებაში უზის. ამის სწავლა შეუძლებელია”.
მანჩესტერული დერბი ხვალ, საქართველოს დროით 21 საათსა და 30 წუთზეა.