როგორც ჩანს, დიეგო მარადონას ქონების გასაყოფად მისი ნათესავები ხმაურიანად და ენთუზიაზმით დაეტაკებიან ერთმანეთს. ცნობები ამის შესახებ მსოფლიო პრესაში უკვე გამოჩნდა, მაგრამ მოდი ჯერ სხვა კითხვა დავსვათ: მაინც რამდენი შვილი ჰყავდა ფეხბურთის ლეგენდას?

საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ მარადონას პირადი ცხოვრება ისეთივე ბობოქარი იყო, როგორც მისი ცხოვრება მოედანზე. არგენტინელს ათასი ჯურისა და მორალის ადამიანთან ჰქონია ურთიერთობა — კამორას ბოსებით დაწყებული, კუბის ლიდერით ფიდელ კასტროთი დამთავრებული. ძალიან მრავალფეროვანი იყო მისი ურთიერთობა ქალებთანაც, რომლებიც, როგორც ირკვევა, მისგან არცთუ იშვიათად აჩენდნენ შვილებს.

25 ნოემბერს, როდესაც დიეგო გარდაიცვალა, მისი შვილების თემამ კვლავ წინ წამოიწია. ფეხბურთელის სიკვდილმა თითქოსდა ყველა იმ ისტორიის შეჯამება გახადა საჭირო, რომლებსაც მისი სიცოცხლის განმავლობაში აქა-იქ, გაფანტულად ყვებოდნენ. მიზეზი, რასაკვირველია, მემკვიდრეობის გადანაწილებაა.

მარადონამ იცოდა, რომ ის რვა შვილის მამა იყო. სხვა საქმეა, რომ მამობის დადგენა ყოველთვის ტკბილად და სიყვარულით არ ხდებოდა.

გენიალური ფეხბურთელი დიდი ხნის განმავლობაში ჯიუტად იცავდა პოზიციას, რომ მას მხოლოდ ორი შვილი ჰყავდა: ოფიციალური მეუღლის, კლაუდია ვილაფანეს გაჩენილი ქალიშვილები, ჯანინა და დალმა. არადა, სინამდვილეში არგენტინელის პირველი შვილი გახლდათ არა 1987 წლის 2 აპრილს დაბადებული დალმა მარადონა, არამედ ნეაპოლში, უკანონოდ გაჩენილი დიეგო სინარია, რომელიც ახლა უკვე მამის გვარსაც ატარებს და დიეგო მარადონა უმცროსი ჰქვია. ის 1986 წლის 20 სექტემბერს დაიბადა.

ნამდვილად დიეგო უნდა იყო, უკანონო შვილი კანონიერზე ადრე რომ შეგეძინოს.

დიეგო სინარიას მამობაზე მარადონა დიდხანს ამბობდა უარს. საქმეს ჯერ კიდევ 1993 წელს ნეაპოლის სასამართლო არკვევდა, არადა მაშინ მარადონამ დნმ-ს ტესტზე უარი თქვა. ტესტი საბოლოოდ მაინც ჩატარდა, 2010 წელს, და ვარსკვლავმა შვილი მიიღო.

დიეგო უმცროსი პროფესიით ფეხბურთელია, თუმცა მაღალ დონეზე ვერ ითამაშა.

დაახლოებით იმავე პერიოდში დიეგომ შეიტყო, რომ ყოფილი პარტნიორისგან ვალერია საბალაინისგან ქალიშვილი ჰყოლია, სახელად ხანა (იგივეა, რაც ჯანა ან ჟანა).

ამრიგად, 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა, თავისი „შემომატებული” შვილებიდან პირველ ეტაპზე ორი აღიარა — დიეგო უმცროსი და ხანა, ოღონდ ამას წინ მათ დედებთან ხანგრძლივი დავა უძღოდა.

2013 წელს, როდესაც დიეგოს მორიგმა საყვარელმა ვერონიკა ოხედამ ვაჟი დიეგო ფერნანდო გააჩინა, მამობის მიცემას ჩხუბი არ დასჭირვებია.

ბოლო სატრფოსთან, როკიო ოლივასთან მარადონას შვილი არ ჰყოლია, მაგრამ სიკვდილამდე ერთი წლით ადრე გაიგო, რომ კუბაზე ჰყოლია სამი!

ეს სამი ბავშვი — ხოანა, ლუ და ხავიელიტო — ორ ქალს გაუჩნდა. დიეგო იქ 2000-2005 წლებში დადიოდა.

ერთხელ, დიეგოს „ოფიციალურმა” ქალიშვილმა ჯანინამ (კუნ აგუეროს ყოფილმა ცოლმა) იხუმრა, სამი გვაკლია და ფეხბურთის გუნდი ვიქნებითო.

ბოლო წლებში, ორი ადამიანი — ვინმე ბატონი ლარა და ქალბატონი ხილი — აცხადებდა, მარადონას შვილები ვართ და სასამართლოში უნდა ვიჩივლოთო.

ამ ვიღაც ლარას ვექილმა დიეგოს გარდაცვალების და დაკრძალვის შემდეგ მისი გვამის ექსგუმაცია და დნმ-ს ანალიზიც კი მოითხოვა.