„არსენალთან” 2:0 გამარჯვებისა და პრემიერლიგის ცხრილის სათავეში მოქცევის შემდეგ, „დეზების” მწვრთნელი ჟოზე მოურინიუ ძალიან კმაყოფილი იყო. ინტერვიუში მან თქვა, რომ 25 წლის ბაიერნგამოვლილი დანიელი ნახევარმცველის, 25 წლის პიერ-ემილ ჰოიბერგის სახით „ფენომენალური მოთამაშე” ჰყავს.

ჰოიბერგი „ტოტენჰემამდე” „საუთჰემპტონში” თამაშობდა, უფრო ადრე კი „ბაიერნს” ეკუთვნოდა, თუმცა იჯარით „აუგსბურგშიც” იყო და „შალკეშიც”.

დანიელი „არსენალთან” შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. „განსაკუთრებულმა” თქვა:

„უპირველეს ყოვლისა, პიერი ძალიან ჭკვიანია. ის თამაშს დიდებულად კითხულობს. ეჭვი არ მეპარება, რომ ერთ მშვენიერ დღეს მწვრთნელი გახდება”.

„ტოტენჰემმა” ჰოიბერგი „საუთჰემპტონისგან” 16,6 მილიონ ევროდ იყიდა და ის ჩრდილოლონდონურ კლუბში ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა.

მოურინიუ: „ფიზიკურად პიერი ძალიან ძლიერია, ხოლო ტექნიკურად გაცილებით უკეთესია, ვიდრე ხალხს ჰგონია. ხანდახან ფიქრობენ, რომ ფეხბურთელი, რომელიც „თოხით თამაშობს” ნაკლებად ტექნიკურია, ვიდრე ფეხბურთელი, რომელიც ლამაზ ილეთებს აკეთებს, მაგრამ მე ამ აზრს არ ვეთანხმები. ეს 30-40 წლის წინანდელი მწვრთნელების მოსაზრებაა. მე კი მიმაჩნია, რომ სისადავე გენიალური რამ არის. ამ ბიჭს ბურთით ყველაფრის გაკეთება შეუძლია. ჩემი აზრით ის ფენომენალური ფეხბურთელია”.