„ინტერის” მწვრთნელმა ანტონიო კონტემ გერმანელები გაანაწყენა. ერთი ხნის წინ, მან თავისი ახალი ფეხბურთელი, „დორტმუნდისგან” ნაყიდი მაროკოელი აშრაფ ჰაკიმი გააკრიტიკა — პოტენციალი კი აქვს, მაგრამ როგორც მცველმა საკუთარ თავზე ჯერ ბევრი უნდა იმუშაოსო. ვერ გეტყვით როგორ შეისმინა მენტორის შეგონება ჰაკიმმა როგორც მცველმა, მაგრამ შეტევაში გაამართლა — „ბოლონიას” ორი გოლი გაუტანა. „ინტერმა” მოიგო 3:1.
„ბიჭი 20 წლისაა და მხოლოდ „დორტმუნდში” გატარებული ორი სეზონი აქვს ზურგსუკან. გერმანიაში კი ტაქტიკური თვალსაზრისით გაცილებით ღარიბ ფეხბურთს თამაშობენ. ჰაკი ბევრს მუშაობს. ის უკვე მიხვდა რა განსხვავებაა იტალიასა და გერმანიას შორის. გერმანიაში მეტოქეებს იტალიასავით დეტალურად არ სწავლობენ. ისინი არ ცდილობენ მათი სუსტი წერტილები ამოიცნონ. დღეს მაროკოელი ისეთ გუნდშია, რომელიც ზრდისთვის გამოადგება და ზედგამოჭრილ მწვრთნელთანაც მუშაობს. აქ ის შეძლებს თავისი პოზიციის კარგად შესწავლას. „ბოლონიასთან” ჰაკიმმა შესანიშნავად ითამაშა”, — თქვა კონტემ.
გერმანულმა „შპორტ ბილდმა” კი დაწერა, რომ ჰაკიმ აშრაფი არა 20, არამედ 22 წლისაა, როთაც ხაზი გაუსვა, რომ კონტემ თავისი ფეხბურთელის ასაკი არ იცის.
შეგახსენებთ, რომ ჰაკიმი „დორტმუნდამდე” „რეალში” იყო, სადაც ძირითადად „კასტილიაში” გამოდიოდა, თუმცა ცხრაჯერ დიდ გუნდშიც ათამაშეს.
ჰაკიმი: „ამ ბოლო დროს ხალხი ჩემზე ათას რამეს ამბობს. მე კი თავდაუზოგავად ვმუშაობ. ვცდილობ ახალ ლიგას და ახალ გუნდს შევეგუო, თუმცა პიროვნულად არაფერი შეცვლილა. ისევ ის ჰაკიმი ვარ, ადრე რომ ვიყავი”.