„ბაიერნის” აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ, წარსულში ლეგენდარულმა თავდამსხმელმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ გერმანიის ნაკრების პრობლემებზე ილაპარაკა. მისი აზრით, იმაში, რომ ესპანეთთან 0:6 წაგების შემდეგ, ხალხთან სალაპარაკოდ ბუნდესმანშაფტის მენეჯერი ოლივერ ბირჰოფი გავიდა და არა მწვრთნელი იოაჰიმ ლიოვი, კარგი არაფერი იყო.
„ბაიერნის” ბოსმა ტელეკომპანია „სქაის” ასე უთხრა: „სრულიად გულწრფელად მოგახსენებთ, რომ დღეს ჩვენს წინაშე ძალიან ბევრი ბირჰოფია და ძალიან ცოტა ლიოვი. პრეს-კონფერენციაზე მწვრთნელი უნდა დადიოდეს და არა სპორტული დირექტორი. ის ყველაფერს გაცილებით უკეთ ახსნიდა. როდესაც ესპანეთთან 0:6-ს აგებ, იმის მოსმენა, თუ რა მოხდა ასეთი, მარტო ჟურნალისტებს კი არა, გულშემატკივრებსაც უნდათ”.
პარასკევს, დუმილიანი დღეების შემდეგ, საზოგადოების წინაშე ბირჰოფი გამოვიდა და ილაპარაკა იმაზე, თუ რატომ ენდობა ნაკრების 60 წლის თავკაცს. მას ერთი სიტყვაც არ უთქვამს ესპანეთთან დამარცხების კონკრეტულ მიზეზებზე.
რუმენიგე: „გერმანიის საფეხბურთო კავშირს ერთი პრობლემა აქვს: მის პრეზიდიუმში არავინ არის, ვისაც შეიძლება ექსპერტი ვუწოდოთ. არადა, ჩემი აზრით, იოგი ლიოვს ვინმემ უნდა ურჩიოს, როგორ გაართვას თავი შექმნილ სიტუაციას ცოტა უფრო აგრესიულად და არა როგორც კაცმა, რომელიც თავს იცავს. ვიმეორებ, მას დახმარება სჭირდება. მას უნდა განუმარტონ, როგორ მოაგვაროს პრობლემა და როდესაც გაიგებს, მერე უკეთ წარუძღვება საქმეს”.
გერმანიაში ყურადღება მიაქციეს, რომ ბოლო ტურში ლიოვი სტადიონზე არ გამოჩენილა. როგორც ჩანს, ბუნდესმწვრთნელი მატჩებს შინ უყურებდა.
ახლა, მდგომარეობის შესაცვლელად ლიოვს დრო 2021 წლის ზაფხულში გადატანილ ევროპის ჩემპიონატამდე აქვს. გერმანიის საფეხბურთო კავშირი მის შეცვლას არ აპირებს. ამასთან დაკავშირებით, რუმენიგემ თქვა:
„ჩვენ ზაფხულამდე ვერ გავიგებთ, სწორი გადაწყვეტილება იყო მისი თანამდებობაზე დატოვება თუ არა”.