ეს იყო ფიჯისა და საქართველოს მორაგბეთა ნაკრებების მეხუთე შეხვედრა და კუნძულელებმა მეოთხედ გვაჯობეს – 38:24.
მართალია, ფიჯის ნაკრების ბოლო ოფიციალური მატჩი შარშან, 16 ნოემბერს „ბარბაროსების“ წინააღმდეგ ჰქონდა; მართალია, ზაფხულში თავკაცად დანიშნულ ვერნ კოტერს გუნდის საჭესთან პირველი თამაში ჰქონდა; მართალია, ფიჯელთა 23-კაციან სამატჩო განაცხადში 9 (!) დებიუტანტი იყო; და რაც მთავარია, მართალია, ფიჯის ნაკრებისა და სტაფის თითქმის 30 წევრს ერთი თვის წინ კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდათ და მათ ვარჯიში მხოლოდ ამ ორშაბათს განაახლეს, მაგრამ მათ მაინც გვაჯობეს.
შესაძლოა, მათგან მომდინარე საფრთხე სათანადოდ ვერ შევაფასეთ და სრული მობილიზება ვერ მოვახდინეთ, შესაძლოა რაღაცები ლევან მაისაშვილმა ვერ გათვალა, მაგრამ ფაქტია – უკვე მერამდენედ, „მფრინავ ფიჯელებს“ ფრენაში ხელი ვერ შევუშალეთ.
როგორც მოსალოდნელი იყო, ფიჯელმა სამმეოთხედელებმა გაილაღეს და მათი შემჩერებელი დღესაც არ აღმოგვაჩნდა. სამართლიანობა იმის თქმას მოითხოვს, რომ გუნდის კაპიტანმა და ლიდერმა სემი რადრადრამ თავი ვერაფრით გამოიჩინა და აქ შარიქაძე-კვესელაძის შუამარბთა დუეტის კარგი თამაში უნდა გამოვყოთ, აი, გარემარბებმა და ფულბექმა კი, როგორც პრინციპში მოსალოდნელი იყო, დაცვაში ვერ იყოჩაღეს და კუნძულელთა 6 ლელოდან 4 მათ კისერზეა.
გიგანტმა ნემანი ნადოლომ ნაკრებში 2-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნება ჰეთ-თრიქით აღნიშნა და ფიჯის გამარჯვება დიდწილად მისმა აღმაფრენამ განაპირობა.
ჩვენებიდან კი საუკეთესოები მესამეხაზელი მორკინალები იყვნენ: ტრავმირებული ბექა გორგაძის ნაცვლად 8 ნომერზე მოთამაშე თორნიკე ჯალაღონიამ ფიჯელთა დაცვას შავი დღე აყარა, ბურთის ყოველ ატაცებაზე სულ ცოტა 10 მეტრს გადიოდა, ხოლო ბექა საღინაძემ თავისი შეუპოვრობით მიზანს ორჯერ უწია და პირველი სანაკრებო დუბლი შეასრულა. კიდევ ერთი ლელო პირველ ტაიმში შეცვლაზე შესულმა გიორგი მელიქიძემ დადო. თედო აბჟანდაძემ სამივე ლელო გარდასახა, ზედაც ზუსტი საჯარიმო დარტყმა დაურთო და მატჩი 9 ქულით დაასრულა.
მოკლედ, „შემოდგომის ერთა თასზე“ ოთხივე თამაში წავაგეთ და ბოლო ადგილი დავიკავეთ. წინ კი ალბათ კვლავ „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატი გველის თავისი რუსეთ-ესპანეთ-პორტუგალია-რუმინეთიანად…