როგორც ჩანს, „მანჩესტერ სიტი” და „პორტუ” ერთმანეთს უკვე ტრადიციულად უშლიან ნერვებს. ყოველ შემთხვევაში, ამ ორ გუნდს შორის სამშაბათს ჩატარებულმა ჩემპიონთა ლიგის მატჩმა (0:0) თავადაც გამოიწვია დაძაბულობა და მეხსიერებაში 21 ოქტომბრის შეხვედრაც ამოატივტივა. ოქტომბერში, „ეტიჰედზე” „სიტიმ” 3:1 მოიგო, „პორტუს” დირექტორებმა კი თამაშის შემდეგ გასახდელებისკენ მიმავალ გვირაბში მსაჯებს „მძ…ის მჭამელები” უწოდეს. არბიტრი გახლდათ ლატვიელი ანდრის ტრეიმანისი.

ეს ამბავი თავისი ყურით მოისმინა უეფას დელეგატმა და, სავარაუდოდ, თამაშის ოქმში შეიტანა, მაგრამ უეფასგან რეაგირება არ ჩანს.

ზემოთ „სიტისა” და „პორტუს” მეორე დაპირისპირებაც ვახსენეთ და ვთქვით, რომ უმტკივნეულოდ მასაც არ ჩაუვლია. პორტუგალიურმა მედიამ მანჩესტერელთა ნახევარმცველ ბერნარდო სილვაზე დაწერა, რასისტი ყოფილაო და რაღაც ბრალიც დასდო. ეს ცოტა უცნაურია, რადგან ბერნანდო სილვა პორტუგალიელია და ბევრი სხვა ქვეყნის პრესა, თანამემამულეს, მართლაც რამე რომ დაეშავებინა, სკანდალს პირიქით, მოარიდებდა. ვინ იცის ყველაფერი იმის ბრალია, რომ ბერნარდო სილვა დედაქალაქის კლუბის, „ბენფიკას” აღზრდილია და საქმე შიდაპორტუგალიურ გარჩევებთან გვაქვს. იქნებ, პრესა, რომელმაც ბერნარდო სილვას რასიზმში დასდო ბრალი, ქალაქ ან კლუბ პორტუსთან არის კავშირში.

და კიდევ, პორტუგალიურმა მედიამ „სიტის” კაპიტნის ფერნანდინიოს მატჩისშემდგომ კომენტარებზე დაყრდნობით დაასკვნა, რომ ფული ფეხბურთში, რასაკვირველია, მნიშვნელოვანია, მაგრამ კლასს ვერ იყიდის.

თავის მხრივ, „მანჩესტერ სიტიმ” საპასუხო განცხადება გაავრცელა, სადაც პორტუგალიელებს შეახსენა, რომ 2012 წელს სწორედ მათი კლუბი დასაჯეს 20 000 ევროთი. მიზეზი: მაშინ, „პორტუს” ფანებმა „სიტის” ფეხბურთელები ტრიბუნიდან რასისტულად შეურაცხყვეს.

რაც შეეხება „ქალაქელთა” მწვრთნელ პეპ გვარდიოლას, მან ამ დაპირისპირებაში ჩართვას თავი აარიდა და თქვა: „მე „ფულემთან” მატჩისთვის ვემზადები, ჩემთვის მნიშვნელოვანი ის არის”.