დეკემბერი დადგა, 2020 იწურება. ამ წელიწადს „ბაიერნის” მწვრთნელმა, 55 წლის ჰანსი ფლიკმა უდიდეს წარმატებას მიაღწია — „ტრიპლი” მოიგო, შემაჯამებელი ინტერვიუ კი მას მიუნხენური კლუბის ჟურნალმა „51″-მა ჩამოართვა. გთავაზობთ ამონარიდებს ამ საუბრიდან.

– ჰერ ფლიკ, თომას მიულერს მიაჩნია, რომ თქვენ უშიშარი ადამიანი ხართ, რადგან რასაც „ბაიერნის” მწვრთნელად დანიშვნის დღიდან აკეთებთ, ყველაფერი რისკთან არის დაკავშირებული. სწორი შეხედულებაა?

– თბილი პოზიციის ან უსაფრთხო ტაქტიკის ძიება არასდროს დამისახავს ამოცანად. ვიცოდი, რომ გუნდს შეტევაში დიდი პოტენციალი ჰქონდა და ვცდილობდი მეტოქეები ყველა შეხვედრაში პირველივე წუთებიდან ზეწოლის ქვეშ მომექცია. ახლა კი ჩვენს მოთამაშეებს საკუთარი შესაძლებლობების რწმენა უკვე ძარღვებში აქვთ გამჯდარი. თანდათანობით, „ბაიერნში” რაღაც ძალიან კარგი განვითარდა.

– კარლ-ჰაინც რუმენიგემ კი თქვა, რომ „ბაიერნის” სტილი სწორედ თქვენს სტილს ჰქვია. კლუბის აღმასრულებელი დირექტორისგან ეს ალბათ დიდი კომპლიმენტია.

– ძალიან მიხარია, თუ ის ასე გრძნობს და ფიქრობს. ჩემი აზრით, „ბაიერნს” მკაფიოდ გამოკვეთილი დნმ აქვს და ასისტენტებთან ერთად ფეხბურთელებისთვის სწორედ მის ჩანერგვას ვცდილობ. ეს დნმ იოლად უნდა აღიქმებოდეს მოედანზე, მაგრამ მარტო მოედანი საკმარისი არ არის. მასზე უნდა იყოს აწყობილი ყველაფერი: სკაუტინგი, ჭაბუკების აღზრდა და სხვა. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, უკვე საყოველთაოდ რომ არის ცნობილი, თუ რას ეყრდნობა მიუნხენის „ბაიერნი”: ბურთის ფლობას, დომინირებას, რეგულარული შეტევებით გატანილ გოლებს. თითოეული მოთამაშის პროფილიც ამ პრინციპების მიხედვით ყალიბდება.

– კლუბის სპორტული დირექტრი ჰასან სალიჰამიჯიჩი ხაზს უსვამს, რომ თქვენ ფეხბურთელების საერთო მიზნით გაერთიანების უნარი გაქვთ. მისი აზრით, თქვენს ხელში გუნდი მხოლოდ 11 მოთამაშისგან არ შედგება. ის შედგება 22,23,24 ფეხბურთელისგან. ლისაბონში, ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ, ფეხბურთელებისთვის მიმართვა გაგიჭირდათ?

– ჩვენ წინასწარ მოვიფიქრეთ, როგორ უნდა გადაგვეხადა მადლობა თითოეული ფეხბურთელისთვის — მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, როგორ დამთავრდებოდა შეხვედრა, რასაც მივაღწიეთ უკვე დიდი შედეგი იყო. ამიტომ, ვიდეოზე ჩავწერეთ მოთამაშეების ოჯახის წევრები და ემოციური კლიპი დავამონტაჟეთ. მე ეს კლიპი წინასწარ ვნახე და ჟრუანტელმა დამიარა, ხოლო როდესაც მას თამაშის წინ ყველანი ერთად ვუყურებდით, ზოგს თვალი ცრემლით აევსო.

– პიროვნულად, თქვენი ფეხბურთელების ბოლომდე გესმით?

– არა! რასაკვირველია, ბევრი რამ მესმის, მაგრამ იცით, საბოლოოდ ყველაფერი მაინც ერთ წერტილში იყრის თავს — მთავარი თამაშის ხარისხია! თუ მე მუდმივად მაქსიმუმისთვის არ ვარ მზად, მაშინ ჩემი ადგილი „ბაიერნში” არ არის. და მე არ მესმის, როგორ შეიძლება ეს ვინმეს არ ესმოდეს. ჩვენ აქ არ გვჭირდება ფეხბურთელი, რომელიც მხოლოდ იმდენზე ხტება, რამდენზეც მოეთხოვება. მას თავად უნდა უნდოდეს ყოველ დღე უფრო და უფრო მაღალ დონეზე ასვლა. საბედნიეროდ, ჩემს ფეხბურთელებს ამ დამოკიდებულებას ყოველდღე ვამჩნევ. არის ასეთი ნიუანსი: როდესაც ვარჯიშებზე გრეხეტბოლს ვთამაშობთ, ყველა მოგებისთვის იბრძვის. წაგება არავის უნდა. ვფიქრობ, ჩვენი გუნდის დასახასიათებლად კარგი ტერმინია „თავგადაკლული მებრძოლი” (უკიდურესად კონკურენტუნარიანი). აქ, ყველას გაზუთხული აქვს: მე „ბაიერნში” ვარ! აქ მთავარი გამარჯვებაა! აქ მთავარი ჩემპიონობაა! აქ მთავარი ტიტულებია! აქ ბევრს ვითხოვთ და ყველა ყოველთვის მზად უნდა იყოს.

– თქვენს მეხსიერებაში 2020 წელი რით ჩაიბეჭდება, კორონათი თუ ტრიპლით?

– ამ წელიწადს, რაღაცების გაცალკევება გამიჭირდება. ჩემთვის, რასაკვირველია, ეს არის გამარჯვების წელი, მაგრამ იმავდოულად ის არის პანდემიის წელიწადი, რომელმაც ჩვენი ცხოვრება შეცვალა. ვფიქრობ, ჩვენ ბევრი რამ გვასწავლა იმ მდგომარეობამ, რომელსაც არ ველოდით და ამ სწავლის პროცესს ახლაც განვაგრზობთ. ახლახან ვუყურებდი მსოფლიო რუკას ტელეევიზორში. იქ, პანდემიის გამო ფაქტობრივად ყველაფერი გაწითლებული იყო. და მინდა გითხრათ, რომ ამ მდგომარეობის დასაძლევად სწორედ ის დამოკიდებულებაა საჭირო, რომელიც მიუნხენის „ბაიერნს” აქვს. ცხოვრებაშიც ყველაფერი ზუსტად ასე უნდა იყოს.