„არსენალის” ფანები მარტის შემდეგ პირველად დაბრუნდნენ „ემირეით სთედიუმზე” და დაესწრნენ, თუ როგორ მოუგო მათმა საყვარელმა გუნდმა ვენის „რაპიდს” 4:1.

ჩრდილოლონდონურმა კლუბმა ტრიბუნებზე შეუშვა 2000 მაყურებელი, რომელთაც ბილეთები შეიძინეს პრინციპით: „სხვებს თუ დაასწრებ — მიიღებ”. ცხადია, ლაპარაკია ბილეთების ონლაინ შეძენაზე და არა ზედახორაზე სალაროსთან.

ერთმა ფანმა პლაკატიც კი შეიტანა: „დააბრუნეთ მესუთ იოზილი!”. თურქული წარმოშობის გერმანელი ფეხბურთელის მაღალი ხელფასისა და რთული ლონდონური ბედის ამბავი ყველას კარგად მოეხსენება, ამიტომ აქ აღარ გავიმეორებთ. დავძენთ მხოლოდ იმას, რომ „მეთოფეთა” თავკაც მიკელ არტეტას ბევრმა ქომაგმა სოციალური ქსელითაც გაუგზავნა იოზილის გუნდში დაბრუნების მოთხოვნა.

თუმცა, ამჯერად მთავარი 60 ათასიან „ემირეით სთედიუმზე” 2 ათასი მაყურებლის დაბრუნების საკითხია. მათ სარბიელზე კორონაპანდემიის გამო შემოღებულ რეგულაციათა სრული დაცვით უშვებდნენ: შესასვლელში სიცხეს უზომავდნენ, რასაც ახლა თერმოსკრინინგი ჰქვია; ყველას კატეგორიულად სთხოვდნენ მთელი საღამოს განმავლობაში პირბადის ტარებას; სკამებზე, სადაც დაჯდომა არ შეიძლებოდა, გადაკრული იყო ცელოფანი შესაბამისი წარწერით. ეს სოციალური დისტანციის დაცვის საშუალებას იძლეობა; ხელების დასამუშავებელი სადეზინფექციო სითხე იდო მხოლოდ იმ სკამებზე, სადაც დაჯდომა ნებადართული იყო; როდესაც ფანები ტურნიკეტებს გადიოდნენ, სტიუარდები მათ გასამხნევებლად ტაშს უკრავდნენ.

„ემირეითზე” დაბაჯბაჯდება პოპულარული თილისმა „განეროზავრი”.

„განსაკუთრებული დღე იყო, რადგან გულშემატკივარი დაბრუნდა, — თქვა მატჩის შემდეგ „მეთოფეთა” ესპანელმა თავკაცმა მიკელ არტეტამ, — კლუბმა ამის ორგანიზებისთვის დიდი სამუშაო გასწია და მწამს, ეს კარგ შედეგს გამოიღებს. იმავდროულად, ძალიან გული მწყდება, რომ ათასობით ფანმა ვერ შეძლო დღეს თამაშზე დასწრება. ჩვენ, ჩვენი მხრივ მზად ვართ ვუმასპინძლოთ იმდენს, რამდენის ნებასაც მოგვცემენ, ოღონდ ეს პანდემიის განვითარებაზე იქნება დამოკიდებული. ტრიბუნებზე ხალხის თანდათან შეშვება გვაჩვენებს, რა მოხდება, როგორ გავრცელდება კორონავირუსი. აგრეთვე ვნახავთ, როგორ მოიქცევა თავად გულშემატკივარი. ჩვენ, როგორც კლუბი, რასაკვირველია მაქსიმუმს გავაკეთებთ”.