ფრანგულ მედიაში აქტიურად იწერება, რომ ლეო მესი მომდევნო სეზონიდან მის მეგობართან, ბრაზილიელ ნეიმართან ერთად ითამაშებს.

არა, ნეიმარი კი არ ბრუნდება „ბარსელონაში“, არამედ მესი გადადის „პარი სენ-ჟერმენში“. ყოველ შემთხვევაში, ფრანგული მედია დარწმუნებით წერს, რომ „ბარსელონას“ კაპიტანსა და პსჟ-ს შორის საქმე სერიოზულადაა და არგენტინელი ფეხბურთელი პარიზულ კლუბს 2021 წელს შეუერთდება.

ესპანური მედია კიდევ უფრო შორს წავიდა და წერს, რომ თავად ნეიმარი ფრანგულ კლუბთან ახალ ხელშეკრულებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გააფორმებს, თუ გუნდს მესი შეუერთდება.

ესპანელი ჟურნალისტების თქმით, ნეიმარი, რომლის მოქმედი კონტრაქტი 2022 წელს იწურება, ყველაფერს გააკეთებს, რათა ყოფილ თანაგუნდელთან ერთად თამაში კვლავ შეძლოს. ამ მიზნით, იგი პარიზული კლუბის ხელმძღვანელობაზე ზეწოლის განხორციელებას აპირებს.

როგორც იცით, 28 წლის ბრაზილიელმა შემტევმა ფეხბურთელმა, ჩემპიონთა ლიგაზე „მანჩესტერ იუნაიტედთან“ გამართული მატჩს შემდეგ, ლეოსთან ერთად თამაშის სურვილი გამოთქვა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ მესის კლუბის დატოვება გასულ ზაფხულს უკვე სურდა, თუმცა, მისი ნების საწინააღმდეგოდ, დარჩენა მოუხდა. მომავალი წლიდან, მას სასურველ კლუბთან მოლაპარაკებების დაწყება შეეძლება. აქამდე მთავარი კანდიდატი „მანჩესტერ სიტი“ იყო, ახლა საქმეში პსჟ ჩაერთო…