„პარი სენ ჟერმენმა” „მანჩესტერ იუნაიტედს” სტუმრად მოუგო 3:1. ეს გახლდათ ჩემპიონთა ლიგის H ჯგუფის შეხვედრა, რომელშიც ბრაზილიელმა ვარსკვლავმა ნეიმარმა ორი გოლი გაიტანა. მატჩის შემდეგ, ჩინებულ გუნებაზე მყოფ ნეიმარს სხვადასხვა კითხვასთან ერთად, მის ყოფილ კლუბთან „ბარსელონასთან” და მის ყოფილ თანაგუნდელთან ლეო მესისთან დაკავშირებული კითხვებიც დაუსვეს.

28 წლის თავდამსხმელმა თქვა: „ყველაზე მეტად მინდა კვლავ მესის მხარდამხარ ვითამაშო, მისი პარტნიორობით ერთხელაც მივიღო სიამოვნება. მსურს შემდეგ სეზონში მე და ის თანაგუნდელები გავხდეთ. ეს უეჭველად უნდა მოვახერხოთ”.

შემდეგ, ბრაზილიელს ჰკითხეს, რა პოზიციაზე ითამაშებს ის, თუკი კვლავ მესის თანაგუნდელი გახდება.

„რა პრობლემაა, ითამაშოს ჩემს პოზიციაზე. მე გავეცლები”, — უპასუხა ნეიმარმა.

შეგახსენებთ, რომ მესის ზაფულში „ბარსელონასთან” კონტრაქტი ეწურება და ამიტომ კვლავ გაჩნდა კითხვა: რა იგულისხმა ნეიმარმა? სად აპირებს ის მესის თანაგუნდელობას, „ბარსაში”, პსჟ-ში თუ „მანჩესტერ სიტიში”?