რვა თვეზე მეტი გავიდა მას მერე, რაც ინგლისის სტადიონებზე გულშემატკივარს ფეხი არ შეუდგამს და აი, გუშინ, ისინი დაბრუნდნენ! დაბრუნდნენ „კემბრიჯის”, „ლუტონის”, „შრუსბერის”, „ჩარლტონის”, „ვიკომბისა”, „კერლისლის” და კიდევ რამდენიმე კლუბის ფანები. კორონავირუსის პანდემიის გამო მარტის მერე ჩაკეტილი სარბიელები გაიღო.

„ლუტონის” ფანებმა პლაკატიც მიიტანეს: ჩვენ დავბრუნდით!

გუშინ, ინგლისში მეორე ეროვნული შეზღუდვა მოიხსნა, რამაც ზონა 2-ში მდებარე ქალაქების ფანებს სტადიონზე შესვლის უფლება მისცა, ოღონდ შეზღუდული რაოდენობით — მხოლოდ 2 000 ადამიანს. თუ ამ ზონაში მდებარე სტადიონზე ნაკლები ხალხი ეტევა, მაშინ იქ შესვლის უფლება აქვს ტევადობის ნახევარს.

ზონა 3-ში მდებარე ქალაქებში მაყურებელი ჯერ ვერ შევა სტადიონზე, ზონა 1-ის ფანობა კი უკეთეს დღეშია — ჭიშკარს 4 000 კაცს გაუღებენ.

ცხადია, ყველას აინტერესებს რა ხდება უმაღლეს დონეზე. პრემიერლიგის პირველი გუნდი, რომელიც გულშემატკივარს სტადიონზე შეუშვებს იქნება „ვესტ ჰემი”, რომელიც შაბათს „მანჩესტერ იუნაიტედს” მასპინძლობს. თუმცა, მანამდე ევროლიგაა: „არსენალი” ვენის „რაპიდს” მასპინძლობს. ეს თამაში ამაღამ არის, საქართველოს დროით 00 საათზე და „ემირეით სთედიუმზე” თამაშს ხალხი დაესწრება.

გუშინ, „ლუტონის” და „ვიკომბის” თამაშებს 1000 კაცი დაესწრო, ინგლისის ფეხბურთის ლიგის ეგიდით მიმდინარე დანარჩენ ოთხ შეხვედრას კი ტრიბუნიდან 2000 ფანი ადევნებდა თვალყურს.

ფანები გააფრთხილეს, რომ თუ ბურთი მათთან გადავარდებოდა, არ შეხებოდნენ. ისინი აგრეთვე არ უნდა მიახლოებოდნენ ფეხბურთელებს ავტოგრაფისთვის ან სელფის გადასაღებად. რასაკვირველია, უნდა კეთებოდათ პირბადეები.

ვინაიდან ფანებს შორის დაცული იყო სოციალური დისტანცია, მათ სიმღერის ნება დართეს. გულშემატკივარს აგრეთვე შეეძლო ეყიდა ალკოჰოლი, მაგრამ მისაყოლებელი საკვების შეძენა არ შეიძლებოდა.

სხვა საერთოეროვნული მოთხოვნა არ იყო. ნებისმიერი დამატებითი მოთხოვნა ინდივიდუალურია. ასე მაგალითად, „ევერტონს” უნდა, რომ თავის ფანებს სტადიონზე შესვლის წინ სწრაფი ტესტირება ჩაუტაროს.