საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სლოვაკურ მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა რომ, საქართველოდან სუფთა სინდისით წავიდა.

„საქართველოს ნაკრებში მუშაობა გამოწვევა იყო, ან წარმატებული წავიდოდი, ან წარუმატებელი. ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 წავაგეთ და მიზნამდე ცოტა დაგვაკლდა. საქართველოში 5 წელი ვიმუშავე, რაც საკმაოდ დიდი პერიოდია ჩემი სამწვრთნელო კარიერისთვის და ცხოვრებისთვის. გამარჯვებული ვერ წამოვედი, მაგრამ ვფიქრობ, რომ იქ კვალი დავტოვე. სამწვრთნელო შტაბი არ წამოვსულვართ როგორც გმირები, მაგრამ წამოვედით სუფთა სინდისით“, – თქვა ვაისმა.

კვალი ნამდვილად დატოვა ბატონმა ვაისმა, მაგრამ ვერ ვიტყვით რომ მისთვის სასიამოვნო. საკუთარი სიჯიუტით (თუ ფეხბურთის არცოდნით) ისტორიული შანსი წაგვართვა, რომელიც კიდევ დიდი ხანი არ გვექნება და ვიდრე არ გვექნება, ამ „კვალს“ ბატონო ვაის, ქართველი გულშემატკივარი არ დაგივიწყებთ…

აი, სინდისის რა მოგახსენოთ. როგორც ქართულად არის ნათქვამი, სინდისი ლექსი არ არის, რომ ისწავლოთ, უნდა გქონდეთ. თქვენ კი, ეტყობა არ გქონდათ, თორემ ორ კვირაში ვერ დაკარგავდით. თან ამ სიტყვების თქმის უფლებას თავადვე გვაძლევთ.

„ხუთი წლის განმავლობაში უამრავი დრო მქონდა ყველაფერზე ფიქრისთვის, რადგან წლის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე მატჩია. სლოვაკეთში ვცხოვრობდი და არა საქართველოში, ამიტომ ოჯახთან ერთად, ფაქტობრივად, სახლში ვიყავი და მხოლოდ მატჩებისა და შეკრებების დროს მიწევდა მოგზაურობა, როდესაც ეს საჭირო იყო“, – ეს ვაისის სიტყვებია…

რაო, ბატონო ვაის? ეგაა თქვენი სუფთა სინდისი? მუშაობის პერიოდში სახლში იჯექით, ყველაფერზე ფიქრობდით საქართველოს ნაკრების გარდა? ისე, შინ ხომ თბილად იყავით? არც ეროვნული ლიგის თამაშებზე დადიოდით და არც ლეგიონერების სანახავად? აბა, ფეხბურთელებს რა პრინციპით არჩევდით, მით უმეტეს მერე რომ წუწუნებდით?!

„მინდა საკლუბო დონეზე დაბრუნება, მაგრამ ვნახოთ რა შემოთავაზებები იქნება, რადგან მსოფლიოში მილიონი მწვრთნელია, თუმცა ბევრი კარგი კლუბი არ არის“.

ძალიან ხმამაღალი განცხადებაა ვაისის მხრიდან. როგორც ჩანს, თავს კარგ მწვრთნელად მიიჩნევს. მილიონი მწვრთნელი რომ არის, ეგ ვიცით, მაგრამ ბევრი კარგი რომ არ არის, ამასაც ვხვდებით. ამის დასტური თავად ბრძანდებით – ბევრი კარგი მწვრთნელი რომ იყოს, ცხადია, ასეთივე ბევრი კლუბიც იქნებოდა და ნაკრებიც.

„ზოგჯერ კლუბის არჩევაც არ შეგიძლია. მინდა ისეთი გზა ვიპოვო, რომელიც გამამხიარულებს, შევძლებ განვითარებას და სიხარულს მომიტანს“, – დასძინა ვაისმა.

ნუთუ ჩვენი ბრალია ასე მოწყენილი რომ არის ბატონი ვაისი? ალბათ, ერთი კარგი გამოსამშვიდობებელი ვახშამი უნდა მოგვეწყო „სუხიშვილების“ აჭარულით და „ქართული ხმების“ გურული კრიმანჭულით, რაჭული ალექსანდროულით და იმერული ხაჭაპურით …