დღეს „ბარსელონა” სტუმრად თამაშობს „ფერენცვაროშთან”. ამ შეხვედრაში კატალონიელებს არ ეყოლებათ ლეო მესი. გამოდის, რომ მსოფლიოს ექვსგზის საუკეთესო ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორე თამაშს ტოვებს, რაც ფრიად უჩვეულო ამბავია. ზედიზედ ორს კი არა, არგენტინელი, როგორც წესი, ერთ შეხვედრასაც მხოლოდ იმ შემთხვევაში ტოვებს, თუ დაშავებული ან დისკვალიფიცირებულია.
მესის წინა ტურში კიევის „დინამოსთანაც” არ უთამაშია.
„ფერენცვაროშთან” შეხვედრის წინა პრეს-კონფერენციაზე „ბარსას” მწვრთნელმა რონალდ კუმანმა მესის ამბავი ასე ახსნა:
„ვიცი, რომ ეს ნორმალური მდგომარეობა არ არის, მაგრამ მიმდინარე სეზონის კალენდარს რომ გადავხედე, მივხვდი, რომ მესის დასვენების ორად ორი შესაძლებლობა მეძლეოდა — წინა ტურში კიევში და ახლა, ბუდაპეშტში. ესეც შესაძლებლობაც იმიტომ მომეცა, რომ ჯგუფური ეტაპიდან უკვე გასულები ვართ. სამაგიეროდ, დღეს შეგვიძლია საქმეში გამოვცადოთ ახალგაზრდა მოთამაშეები. ყველაფერს კი ისიც დაამატეთ, რომ შაბათს ლა ლიგაში „კადისთან” მნიშვნელოვანი შეხვედრა გვაქვს. და ბოლოს, „ფერენცვაროშთან” თამაშის შემდეგ წამყვანი ფეხბურთელების დასვენების საშუალება აღარ გვექნება. მორჩა, ეს ბოლო შესაძლებლობაა”.