„რეალი” „შახტართან” ისევ დამარცხდა — 0:2. ზინედინ ზიდანი დიდი წნეხის ქვეშაა. თუკი ჩამპიონთა ლიგის 13-გზის გამარჯვებული ჯგუფურ ეტაპს ვერ გადალახავს, ეს იქნება მისი პირველი ჩავარდნა ბოლო 24 წელიწადში.

ყველა შეჯიბრებაში ერთად, „რეალმა” უკანასკნელ 6 შეხვედრაში მარტო ერთის მოგება მოახერხა.

„შახტართან” სათამაშოდ გასულ „ლოს ბლანკოსს” ლა ლიგის სამ ტურში მხოლოდ ერთი ქულა ჰქონდა მოპოვებული და ამ უნიათო სვლას კიევში დამარცხებით ჩემპიონთა ლიგაში კოჭლობაც დაამატა.

არადა, დასაწყისში „რეალს” თითქოს არა უშავდა, მაგრამ ტაიმი უგოლოდ დასრულდა, შესვენების შემდეგ კი, 57-ე წუთზე, მასპინძლებმა ანგარიში გახსნეს, ხოლო 82-ზე „საკონტროლო გასროლაც” დააყოლეს. პირველი გოლი დენტინიომ შეაგდო, ხოლო მეორე სოლომონმა.

ქარიმ ბენზემამ, ლუკა მოდრიჩმა და სხვა მადრიდელმა ვარსკვლავებმა საპასუხოდ ვერაფერი მოახერხეს.

გუშინვე, „ინტერმა” 3:2 მოიგო მიონხენგლადბახში.

ახლა, B ჯგუფს მაინც გერმანელები ლიდერობენ, მაგრამ მათდა სამწუხაროდ მხოლოდ 8 ქულით. „გლადბახს” 7 ქულით მოსდევენ „შახტარი” და „რეალი”, ბოლოზე კი 5-ქულიანი „ინტერია”.

ბოლო ტურში „გლადბახი” მადრიდში თამაშობს, ხოლო „შახტარი” მილანში.

გამოდის, რომ „რეალის” ბედი კვლავ მის ხელშია. თუ „თეთრები” ბოლო ტურში გაიმარჯვებენ, ფლეი-ოფში გავლენ, მაგრამ დღევანდელი „რეალის” შემყურე დაბეჯითებით ვერავინ იტყვის, რომ ეს გუნდი „გლადბახს” მოუგებს. შესაძლოა, მაგალითად, მატჩი ფრედ დამთავრდეს. ამ შემთხვევაში ყველაფერი „სან სიროზე” იქნება დამოკიდებული. თუ იქ „ინტერი” „შახტარს” დაამარცხებს, მას და „რეალს” 8 ქულა ექნებათ, მაგრამ პირად შეხვედრებში უპირატესობის გამო, შემდეგ ეტაპზე მადრიდელები გავლენ.

მოკლედ, თუ „რეალი” გერმანელ მეტოქეს სძლევს, ხოლო დონეცკელები „ინტერს” ვერ მოუგებენ, „რეალი” ჯგუფში პირველ ადგილზე გავა.

თუ „შახტარი” „ინტერთან” არ წააგებს, „რეალი” კი ამ დროს „გლადბახთან” ფრედ ითამაშებს ან დამარცხდება, მაშინ ზიდანის გუნდი მესამე ადგილზე დარჩება და ევროლიგაში გადავა.

ხოლო თუ „რეალი” „გლადბახთან” წააგებს, „ინტერი” კი „შახტარს” მოუგებს, მაშინ „თეთრები” ბოლო ადგილზე გავლენ და ევროპულ შეჯიბრებებს საერთოდ გამოეთიშებიან.

გადამწყვეტი ტური 9 დეკემბერს გაიმართება.