No description available.ქართველი ფეხბურთელი, კალათბურთელი თუ მორაგბე ევროპულ კლუბებში – არცთუ იშვიათი მოვლენაა. მაგრამ გაგიკვირდებათ და, ევროპაში ქართველი… თქვენ წარმოიდგინეთ, ჰოკეისტიც არსებობს!

ფლორიან შაკიაშვილი საფრანგეთის ჰოკეისტთა ნაკრების ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. ალპების მაღალთიანეთში, საფრანგეთისა და იტალიის საზღვრის სიახლოვეს მდებარე პატარა ქალაქ ბრიანსონში დაბადებულ-გაზრდილი ჭაბუკი ისევე, როგორც მისი თანატოლი თანაქალაქელი ბიჭების დიდი უმრავლესობა, ყინულის ჰოკეიმ გაიტაცა და თანდათან გამოჩნდა, რომ ფლორიანს ამ თამაშის ნიჭი აქვს.

შაკიაშვილმა კარიერა იქვე, „ბრიანსონში“ დაიწყო და მალევე პროფესიონალად ჩამოყალიბდა. მართალია, საფრანგეთის ნაკრებში მისი დებიუტი უკვე მას შემდეგ შედგა, რაც ამ გუნდმა მსოფლიოს 2013 წლის ჩემპიონატზე რუსეთის ნაკრები დაამარცხა, მაგრამ ახალგაზრდა და ნიჭიერი მცველი იოლად დამკვიდრდა გუნდში.

მას მერე ფრანგებს ხელშესახები წარმატებებისთვის აღარ მიუღწევიათ, ამდენად შაკიაშვილის შესახებ ინფორმაცია ერთობ მოკრძალებულია, მაგრამ ადგილობრივ პრესას თუ დავუჯერებთ:

No description available.„საფრანგეთის მთავარი გუნდის თამაშში ქართული წარმომავლობის 28 წლის მცველმა შეიტანა კავკასიური აზარტულობისა და უკომპრომისობის დიდი დოზა. ფლორიან შაკიაშვილმა ფრანგების მიერ გატანილი გოლების რაოდენობა თუ ვერ გაზარდა, სანახაობრივმა მხარემ და ბრძოლის ჟინმა მის მოსვლასთან ერთად ნაკრებში ერთი ორად იმატა.

თამამად შეიძლება იმის მტკიცება, რომ იმ  შემთხვევაში, თუ ნაკრებში ყველა შაკიაშვილის დარად ყოველ მატჩში ბოლომდე დაიხარჯება, ეროვნულ გუნდს გაცილებით შთამბეჭდავი შედეგები ექნება. დროა, ფრანგული ჰოკეი გამოვიდეს რუსეთთან 2013-ში ნახევრად შემთხვევითი გამარჯვების ხიბლიდან!“

აქვე დავამატებთ, რომ დღესდღეობით ფლორიან შაკიაშვილი ნორმანდიის ქალაქ რუანის ჰოკეისტთა კლუბის ღირსებას იცავს. საინტერესოა, რომ სარაგბო „რუანში“ ასევე არიან ქართველები – ვეტერანი ბორჯღალოსანი კარლენ ასიეშვილი და ამჟამად ნაკრებთან ერთად „შემოდგომის ერთა თასზე“ მყოფი თამაზ მჭედლიძე.

No description available.