მემფის დეპაი რონალდ კუმანის მთავარ სამიზნედ რჩება. „ბარსელონას” ჰოლანდიელ მწვრთნელს სურს ამ ზამთარს თანამემამულე ფორვარდი გადაიბიროს და შეტევა გააძლიეროს. რასაკვირველია, ამისათვის საჭიროა კლუბს სახსრები გამოუჩნდეს.

კუმანისთვის „ლიონის” თავდამსხმელის ყიდვა მას მერე გახდა კიდევ უფრო მეტად საჭირო, რაც ანსუ ფატი დაშავდა, თუმცა არის ერთი სერიოზული პრობლემაც: „ბარსას” ტრავმის გამო ვეტერანი ჟერარდ პიკე გამოაკლდა და დაცვის ცენტრშიც ბზარი აქვს. კატალონიის გუნდს ცენტრალური მცველის შეძენაც სჭირდება.

„სპორტი” წერს, რომ დეპაის საყიდელი ფულის შესაგროვებლად „ბლაუგრანას” ფეხბურთელებმა ხელფასები დაიკლეს, არადა ჰოლანდიელს „ლიონთან” კონტრაქტის ვადა ზაფხულში ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება. როგორც ჩანს, „ბარსელონა” ზაფხულამდე ვერ მოითმენს და უჯობს ახლა გადაიხადოს სიმწრით ნაშოვნი ფული, ვიდრე ზაფხულამდე გოლები ვერ გაიტანოს.

კლუბი კომპენსაციას მარტინ ბრაიტვაითის გაყიდვით აპირებდა, თუმცა ბრაიტვაითი თავად ათამაშდა კარგად. რას გადაწყვეტენ მასთან დაკავშირებით „კამპ ნოუზე”, ჯერჯერობით უცნობია.

მემფის დეპაის ყიდვა „ბარსელონას” გასულ ზაფხულშიც უნდოდა. თავად ფეხბურთელიც ამბობდა, ოღონდ თქვენთან მათამაშეთ და მზად ვარ ნაკლები ხელფასი ავიღოო, მაგრამ მაშინ კლუბმა ფული ვერ იშოვა.

მას მერე დეპაი ძალიან ხშირად ახსენებს ინტერვიუებსა და კომენტარებში „ბარსელონას” და ყველა ღონეს ხმარობს, რომ თემა მივიწყებას არ მიეცეს.

კვირას „ლიონმა” „სტად დე რემსს” მოუგო 3:0, მაგრამ დეპაიმ გოლი ვერ გაიტანა და გულშემატკივარმა ის სოციალურ ქსელებში გააკრიტიკა. პასუხად დეპაიმ დაწერა:

„თქვენ ყველანი მაშინ დამაფასებთ, როდესაც სხვაგან გადავალ”.

როგორც ჩანს, რაღაცის იმედი აქვს.