„სიტყვები, რომლებიც კვირას მატჩის შემდეგ დავპოსტე, მეგობრის მოსიყვარულებას ისახავდა მიზნად. მან გამარჯვება მომილოცა. ვინმეს შეურაცხყოფა აზრადაც არ მქონია. რასიზმის სასტიკი წინააღმდეგი ვარ და როგორც კი ამიხსნეს, რომ ჩემი ნათქვამი ვინმეს სხვანაირად შეიძლებოდა გაეგო, იმწუთას წავშალე. მინდა გულწრფელი ბოდიში მოვიხადო იმისთვის, რაც მოხდა,” — ეს „მანჩესტერ იუნაიტედის” ურუგვაელი ფორვარდის ედინსონ კავანის სიტყვებია.

გუშინ მოგახსენეთ, რომ 33 წლის ვარსკვლავმა „საუთჰემპტონთან” შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა — მეორე მსაჯის წამატებულ წუთებზე — და თავის გუნდს 3:2 გამარჯვება მოუტანა, რის შემდეგაც, შინ დაბრუნებულმა, ინსტაგრამზე ნახა გულშემატკივრის მიწერილი სიტყვები „მიყვარხარ, მატადორ” და უპასუხა: „გმადლობ, ნეგრიტო”.

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის კანონთა თანახმად რასისტული შინაარსის სიტყვები (ამ შემთხვევაში „ნეგრიტო”) ისჯება და შესაბამისად, სამხრეთ ამერიკელი ვეტერანი ახლა განაჩენს ელის. როგორც ჩანს, ის, რომ სიტყვა „ნეგრიტო” ლათინურ ამერიკაში სალანძღავი არ არის და დაახლოებით ძმობილოს ნიშნავს, არავის ადარდებს. ამაზე ყურადღების გამახვილება შეიძლება დაცვის ხაზის არასწორად აწყობაც კი გამოვიდეს, რადგან სიტყვა მოსაფერებელია თუ არა, მისი ფუძე ნათელია. ამიტომ, „მანჩესტერ იუნაიტედმა” ხაზი იმას გაუსვა, რომ კავანიმ ჯერ ერთი, თავისი კომენტარი მალევე წაშალა და მეორეც, ბოდიში მოიხადა.

მაგრამ, კანონი კანონია და ურუგვაელი ავტომატურ სამმატჩიან დისკვალიფიკაციას როგორც ჩანს ვერ გადარჩება. აგვისტოში მიღებული წესის თანახმად არსებობს განსხვავება იმ სიტყვებს შორის, რომელიც შეიძლება ფეხბურთის მოედანზე თქვა და იმ სიტყვებს შორის, რომლებიც შეიძლება სოციალურ ქსელებში დაწერო. ქსელებში დაწერილი არასწორი სიტყვისთვის მინიმალური სასჯელი სამმატჩიანი დისკვალიფიკაციაა.

ახლა, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის სადისციპლინო კომისიის მუშაკები ოთხშაბათს, დღის ბოლომდე დაელოდებიან ფეხბურთელის განმარტებებს, შემდეგ ორშაბათამდე კი ვერდიქტს გამოიტანენ. ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი კავანი დაუყოვნებლივ არ დასაჯეს, ის შეძლებს ამ უქმეებზე ითამაშოს „ვესტ ჰემის” წინააღმდეგ და მეტიც, შეიძლება 12 დეკემბერს მანჩესტერულ დერბიშიც მიიღოს მონაწილეობა.

არც ის არის გამორიცხული, რომ ფორვარდმა „შეფილდ იუნაიტედთან” და „ლიდსთანაც” შეძლოს მოედანზე გასვლა, აი, მერე კი სასჯელის მოხდას შეუდგეს: ლიგის თასის მეოთხედფინალი „ევერტონთან” და „ბოქსინგ დეის” მატჩები „ლესტერთან” და „ვულვზთან”.
ასეთ შემთხვევაში, ვინ იცის საშობაოდ სახლშიც კი გაუშვან.