მუდმივად დაშავებული, ძვირად ნაყიდი ფეხბურთელის ნიშა, რომლისგანაც სულ რაღაც განსაკუთრებულს ელიან, ის კი მოლოდინს ვერ ამართლებს, „რეალში” წლების განმავლობაში გარეთ ბეილს ჰქონდა დაკავებული. ამ ზაფხულს უელსელი „ტოტენჰემ ჰოთსპურში” გადავიდა და… უპატრონო ადგილს ხელად გამოუჩნდა პატრონი — ედენ აზარი.
ბელგიელი „ჩელსიდან” „რეალში” 2019 წლის ზაფხულში გადაბარგდა. მადრიდელებმა მასში 115 მილიონი ევრო გადაიხადეს, არადა ერთი სეზონის შემდეგ ის თავისუფალი აგენტი გახდებოდა.
პირველ სეზონში აზარი წარამარა შავდებოდა და ზედმეტი წონის პრობლემაც გამოუჩნდა. ჯამში, მან მხოლოდ 16 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთადერთი გოლი გაიტანა.
მიმდინარე სეზონში, ბელგიელმა სამჯერ ითამაშა ესპანეთის ჩემპიონატში და სამჯერ ჩემპიონთა ლიგაში, თუმცა მოედანზე 90 წუთი ერთხელაც არ დაუყვია. შაბათს, „ალავესთან” 1:2 წაგებულ შეხვედრაში მან კუნთი იტკინა და 28-ე წუთზე შესაცვლელი გახდა.
ორშაბათს ჩატარებულმა სამედიცინო კვლევამ აჩვენა, რომ აზარს კვლავ დიდი ხნით მოუწევს ექიმებთან გადაბარგება. როგორც ესპანური AS ამბობს, ის წლეულს ვეღარ ითამაშებს.
„აზარ, ადიოს! „ატლეტიკოსთან” მადრიდულ დერბიში და დეკემბერში ვეღარ ითამაშებ”, — წერს გაზეთი, თუმცა აქა-იქ არის ცნობები, რომ თავდამსხმელმა 23 დეკებმერს „გრანადასთან” მაინც შეიძლება მოახერხოს მოედანზე გასვლა.
„რეალის” მწვრთნელი ზინედინ ზიდანი: „აზარი სერიოზულად დაშავდა. ეს არის კიდევ ერთი დიდი ტრავმა მისთვის და დიდი პრობლემა ჩვენთვის”.
„რეალის” დაშავებულთა სიაში არიან: სერხიო რამოსი, დანი კარვახალი, ფედე ვალვერდე და ალვარო ოდრიოსოლა, ხოლო ლუკა იოვიჩი კორონავირუსს მკურნალობს.