„მანჩესტერ იუნაიტედის” ურუგვაელმა თავდამსხმელმა, 33 წლის ედინსონ კავანიმ, რომელმაც გუშინ „საუთჰემპტონს” ორი გოლი გაუტანა და ამ ორიდან ერთი, 90+2 წუთზე, გამარჯვებისა იყო, შეიძლება დისკვალიფიკაციის გამო სამი თამაში გამოტოვოს. თავდამსხმელმა ინსტაგრამში დააშავა… ან არ იცოდა, რომ აშავებდა, მაგრამ ასე გამოუვიდა.

განვმარტოთ. „იუნაიტედი” „საუთჰემპტონთან” სტუმრად 0:2-ს აგებდა, მაგრამ 3:2 გაიმარჯვა. გახარებულმა კავანიმ, სახლში დაბრუნების შემდეგ ინსტაგრამში ნახა, რომ მავან ფანს მისთვის მიუწერია: „მიყვარხარ, მატადორ!” ამაზე, მადლიერმა ფორვარდმა უპასუხა: „გრასიას (ანუ გმადლობ), ნეგრიტო”. და აი, ამ ნეგრიტოს ხსენებაზე გადაირია მთელი ინგლისი. ჩათვალეს, რომ ეს რასისტული შეურაცხყოფაა და, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, პრემიერლიგის ახალი წეს-კანონის შესაბამსად სულ მცირე სამი თამაში უნდა გამოტოვოს.

კავანი მალევე მიხვდა, რომ პოსტი უნდა წაეშალა. შეიძლება, ვინმე კეთილისმსურველმა უკარნახა კიდეც წაშალე, აქ ინგლისიაო, მაგრამ მაინც გვიანი გამოდგა. საქმე კი ის არის, რომ თურმე, კავანის მშობლიურ კონტინენტზე, სამხრეთ ამერიკაში, უფრო სწორედ, მის ესპანურენოვან ნაწილში, ეს სიტყვა, „ნეგრიტო”, ქართული „შე ძველოს” ან „ჯიგაროს” სინონიმია და არა ინგლისურ-ამერიკული „ნიგერის”. სამხრეთ ამერიკაშე ამ სიტყვაზე არ ბრაზდებიან.

მაგრამ, დიდ ბრიტანეთში, კერძოდ კი პრემიერლიგაში, რასიზმთან იბრძვიან და კლუბებისთვის ახალი კანონები აქვთ დარიგებული. ერთი სიტყვით, ახლა ფეხბურთის ასოციაციამ უნდა გადაწყვიტოს, გალანძღა თუ არა კავანიმ გულშემატკივარი და მერე გადაწყვიტონ, რა მიუსაჯონ მას. სავარაუდოდ, კავანი სასჯელს ვერ ასცდება.

გეხსომებათ, 2011 წელს, იმხანად „ლივერპულში” მოთამაშე ლუის სუარესმა, რომელიც კავანის თანამემამულე და ნაკრებში თანაგუნდელია, ზუსტად ეს სიტყვა უთხრა „მანჩესტერ იუნაიტედის” ფრანგ მცველ პატრის ევრას, რის გამოც 8 თამაშიანი დისკვალიფიკაციითა და 40 000 გირვანქით დაისაჯა.