„შალკეს” სპორტულ დირექტორს იოჰენ შნაიდერს უნდა, რომ გელზენკირხენის კლუბის ფანებმა, ფეხბურთელებმა და თანამშრომლებმა, ერთი სიტყვით ყველამ ვისთვისაც ეს კლუბი ძვირფასია, ერთად გამონახოს კრიზისიდან გამოსვლის გზა. ასეთი სიტყვებით, როგორც წესი, საფეხბურთო ჩინოვნიკები გულშემატკივარს მაშინ მიმართავენ როდესაც უნდათ, რომ მათ წაგებები მოითმინონ.
გუშინ „შალკემ” მიონხენგლადბახში 1:4 წააგო და ბუნდესლიგის ცხრილში 3 ქულით ბოლო ადგილზეა. გუნდს ერთი თამაშიც არ მოუგია, რის გამოც ფანებმა სტადიონზე დიდი ბანერი გადმოკიდეს, სადაც წერია:
„სამარცხვინო იმიჯი, შემთხვევითი დირექტორატი და უნიათო გუნდი. ეს არის თქვენი ცუდი მენეჯმენტის შედეგი!”
გულშემატკივრები უკმაყოფილონი არიან, რომ კლუბმა სამსახურიდან გაუშვა გამოცდილი მენეჯერი მიხაელ რეშკე, 31 დეკემბერს შეუწყდება კონტრაქტი 36 წლის ბოსნიელ თავდამსხმელ ვედად იბიშევიჩს და უკვე დაითხოვეს 22 წლის მაროკოელი ნახევარმცველი ამინე ჰარიტი და 26 წლის ალჟირელი ნახევარმცველი ნაბილ ბენტალები.
შნაიდერმა თქვა: „ეს ნამდვილად არ იყო სასიამოვნო კვირა. ჩვენ ნამდვილად არ გვქონდა სასიამოვნო მოლაპარაკებები”.
შემდეგ, დირექტორმა დასძინა: „მე არ გამოვაკრავდი ისეთ პლაკატს, გულშემატკივრებმა რომ გამოაკრეს. ახლა, მნიშვნელოვანია, კლუბისთვის ყველამ ერთად გავანძრიოთ ხელი. რასაკვირველია, ჩვენ გერმანიაში ვცხოვრობთ და აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება ყველას აქვს. ამას ვერ უარყოფ, მაგრამ მე ჯერ ბუნდესლიგიდან გავარდნის საშიშროებაზე არც კი ვილაპარაკებდი. ამაზე ფიქრიც არ ამინდა”.