ინგლისში არსებობს კოლინზის ლექსიკონი, სადაც წერია, რომ „ხელჩანთის კეთება” ჟარგონზე ნიშნავს ინციდენტს, რომლის მონაწილე ადამიანები, ხშირად სპორტსმენები, ჩხუბობენ ან ისე იქცევიან, თითქოს სადაცაა ჩხუბი უნდა დაიწყონ, სინამდვილეში კი მოწინააღმდეგისთვის ტკივილის მიყენებას არ აპირებენ.

ამ სიტყვამ რატომ დაგვაინტერესა? BBC-დან მოხსნეს წამყვანი, რომელმაც ეთერში ორ ფეხბურთელზე თქვა, ესენი ხელჩანთას აკეთებენო. წამყვანს ჰქვია სტივ „ტომო” ტომპსონი. მას ლინკოლნშირის რადიოქსელში მიჰყავდა პირველი ლიგის გუნდების „ლინკოლნ სიტისა” და „ეკრინგტონ სტენლის” მატჩის რეპორტაჟი. პირველი ლიგა ინგლისური ფეხბურთის იერარქიაში პრემიერლიგისა და ჩემპიონშიფის შემდეგ მესამე საფეხურია. შეხვედრა დასრულდა 0:0.

BBC-მ თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მისი წამყვანები ყველა სიტყვის თქმას არ უნდა კადრულობდნენ. მართლაც, BBC-ს ინგლისური დახვეწილობით არის ცნობილი, თუმცა კომენტატორის დათხოვნამ მაინც ბევრი გააღიზიანა. სოციალურ ქსელებში დაწერეს, რომ გაუგებარია, ვინ შეიძლებოდა დარჩენილიყო შეურაცხყოფილი ისეთი უწყინარი სიტყვით, როგორიც არის ხელჩანთა. ზოგი კი უფრო შორს წავიდა და თქვა, ემაგ ტელეკომპანიას ურჩევნია იმ სიმღერების ტექსტები გაფილტროს, რომელთაც ამ ბოლო დროს ეთერში ხშირად უშვებს და რომლებშიც სულ „ვინმეს დაჭრაზე და წამლის გაჩხერვაზე” არის ლაპარაკიო.

საბოლოოდ, BBC-მ ეტყობა უკან დაიხია, რადგან გამოაცხადა, რომ სტივ „ტომო” ტომპსონი დროებით დასაჯა და ახალი წლიდან ის კომენტატორის ჯიხურს დაუბრუნდება.