ჰარი ვინკსს ორ წელიწადზე მეტია გოლი არ გაუტანია და აი, ბედმა გაუღიმა — „სფურზის” მოთამაშემ 50 მეტრიდან შეაგდო. ნახევარმცველმა ბურთი მოედნის კიდესთან „ლუდოგორეცის” ნახევარზე, ცენტრთან ახლოს მიიღო და იქიდან არასწორად მდგარი მეკარე დეიან ილიევის კარში კალათბურთის სამქულიანივით ჩააგდო.

ბურთი დამრტყმელისგან მარჯვენა ზედა კუთხეში შევარდა და როგორც ბულგარელები, ასევე თავად ლონდონელები პირდაღებულები დატოვა.

სენსაციურ გოლამდე, „ლუდოგორეცის” კარში, ორჯერ „ტოტენჰემის” ბრაზილიელმა თავდამსხმელმა კარლუშ ვინისიუსმა გაიტანა, ხოლო შემდეგ ლუკას მოურამ მეოთხეც დაამატა. ეს გახლდათ ევროლიგის J ჯგუფის შეხვედრა, სადაც 9 ქულა აქვთ „ტოტენჰემსა” და „ანტვერპენს”, ოღონდ პირველ ადგილზე „ანტვერპენია”, რადგან პირად შეხვედრაში ჩრდილო ლონდონელებს 1:0 მოუგო.

ვინკსს გოლის აღნიშვნაც თავისებური გამოუვიდა — ყველას ეცინებოდა. მან ბოლოს 2019 წლის იანვარში „ფულემს” გაუტანა.

მყისვე გაჩნდა კითხვა: ჰარი ვინკსი მართლა კარში არტყამდა?

ტოტენჰემელთა ლეგენდამ გლენ ჰოდლმა, რომელსაც BT Sport-ზე მატჩის რეპორტაჟი მიჰყავდა, თქვა: „ვფიქრობ მან კარს გაჰხედა. გასააზრებლად წამები ჰქონდა და ჩემი აზრით, კარში დაარტყა”.

ჰოდლს ეტყობა ძალიან უნდოდა, რომ მისი საყვარელი გუნდის გოლი შემთხვევითი არ ყოფილიყო, მაგრამ მატჩის შემდეგ, თავად ფეხბურთელმა თქვა, რომ ის კარს არ უმიზნებდა.

ვინკსი: სიამოვნებით ვიტყოდი, რომ გამიზნულად დავარტყი, მაგრამ… ვალდებული ვარ პატიოსანი ვიყო. გარეთ ბეილისთვის ვაპირებდი გრძელი პასის ჩაწოდებას. თუმცა, ავტორობაზე უარს არ ვამბობ. ბოლოს და ბოლოს, გოლი გოლია და ძალიან მიხარია, რომ ის მე გავიტანე”.

„სფურზის” კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელი, პტერ კრაუჩი: „ვინკსი პატიოსანი კაცი ყოფილა. რაც მან გააკეთა, ნამდვილი ფეარ-ფლეია. დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელების დიდი ნაწილი იტყოდა, რომ კარში გამიზნულად დაარტყა”.