დიეგო მარადონას გარდაცვალებამ არგენტინა ღრმა ტრაურში ჩააგდო. ახლა, მისი სიკვდილის გარემოებათა გარჩევის დრო არ არის, მაგრამ აშკარაა, რომ დაკრძალვის შემდეგ გაჩნდება კითხვები… ისე, როგორც ყოველთვის და ყველგან ხდება ხოლმე.

მარადონას ადვოკატმა მატიას მორლამ სოციალურ ქსელში გაავრცელა პოსტი, სადაც ის ამბობს, რომ სასწრაფო დახმარების მანქანები მის კლიენტთან გვიან მივიდნენ:

„დღეს დიდი ტკივილის, სევდისა და ფიქრის დროა. გულით განვიცდი მეგობრის დაკარგვას, რომელსაც ბოლო დღემდე ერთგულად ვემსახურე. თავადაც ვგლოვობ და ვიცი, რომ დაკრძალვის პერიოდი მისი ოჯახისთვის ინტიმური უნდა იყოს.

მაგრამ, არის სან ისიდროს პროკურორის ანგარიში, საიდანაც ჩანს, რომ ჩემი მეგობარი შესაბამისმა პერსონალმა 12 საათის განმავლობაში არ შეამოწმა და არც მოიკითხა, ხოლო სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მასთან მისვლას ნახევარ საათზე მეტი მოანდომა, რაც დანაშაულებრივი იდიოტიზმია.

ეს ის საკითხია, რომელიც აუცილებლად უნდა შევისწავლოთ. მე გამოძიებას მოვითხოვ და საქმეს ბოლომდე მივიყვან. დიეგო ხომ მეუბნებოდა: შენ ჩემი ჯარისკაცი ხარ და სინანულის გარეშე უნდა მოქმედებდე.

მაგრამ ჯერჯერობით, ტკივილის ამ მძიმე წუთებში, მე დიეგოს დასახასიათებლად მხოლოდ იმას ვიტყოდი, რომ ის იყო კარგი შვილი, ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი და პატიოსანი ადამიანი. იძინე მშვიდად, ჩემო მეგობარო”.