დიეგო მარადონას გარდაცვალებას პელე გამოეხმაურა. მან თქვა, რომ ერთ დღეს, ისინი ალბათ ზეცაში შეხვდებიან და იქ ითამაშებენ ფეხბურთს.
ლეგენდის სიკვდილმა ბევრ ვარსკვლავს დაწყვიტა გული. მათ სოციალურ ქსელებში გულისტკივილი გამოთქვეს 60 წლის არგენტინელი გენიოსის დაღუპვის გამო.
„დღეს სევდიანი ცნობა მოვიდა. მე დავკარგე ძვირფასი მეგობარი, მსოფლიომ კი ლეგენდა. სათქმელი გაცილებით მეტია, მაგრამ ახლა, დაე, ღმერთმა მისი ოჯახი გააძლიეროს. იმედი მაქვს, ერთ დღეს ჩვენ ზეცაში ვითამაშებთ ფეხბურთს”, — ასეთი იყო სრულად 80 წლის პელეს სამძიმარი.
მარადონას თანამემამულემ, ლეო მესიმ, ინსტაგრამზე თავის 169 მილიონ მიმდევარს დიეგოსთან გადაღებული ორი ფოტო გაუზიარა და მიაწერა:
„დღეს, არგენტინისა და ზოგადად ფეხბურთისთვის ძალიან სევდიანი დღეა. მან მიგვატოვა, მაგრამ ის ვერასდროს დაგვტოვებს, რადგან მარადიულია.
მე მადლიერი ვარ ყოველი წამის, რომელიც მასთან ერთად გავატარე და მინდა გამოვხატო ჩემი თანაგრძნობა მისი ოჯახისა და მეგობრების მიმართ. RIP”.
დიეგოს გარდაცვალებას გამოეხმაურა მძლეოსნობის დიდი ვარსკვლავი უსაინ ბოლტი. მანაც გააზიარა ფოტო, სადაც მარადონას ეხვევა და მოკრძალებით მიაწერა: „RIP ლეგენდავ. დიეგო მარადონა”.
1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონთან გადაღებული ფოტო გააზიარა კრიშტიანუ რონალდუმაც. მან დაწერა: „დღეს მე ვემშვიდობები მეგობარს, ხოლო მსოფლიო გენიოსს. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო და უბადლო ჯადოქარი ადრე მიდის ამ ქვეყნიდან, მაგრამ ტოვებს უდიდეს მემკვიდრეობასა და სიცარიელეს, რომელსაც ვერავინ შეავსებს. RIP დიადო. შენ არასოდეს დაავიწყდებით”.
ზინედინ ზიდანი: „მისი სიკვდილი, მსოფლიო ფეხბურთისთვის უდიდესი დანაკარგია. ვუყურებდი რას აკეთებდა 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე და სამუდამოდ დარჩა ჩემს გონებაში. მაშინ 14 წლის ვიყავი… სიტყვები არ მყოფნის. ყველას ძალიან დაგვწყდა გული”.
ინგლისური ფეხბურთის ვარსკვლავი და ტელეწამყვანი გარი ლინეკერი: „არგენტინიდან მოვიდა ცნობა, რომ გარდაიცვალა დიეგო მარადონა. ის იყო ჩემი თაობის საუკეთესო ფეხბურთელი დიდი უპირატესობით და სავარაუდოდ, ყველა დროის უდიადესი. ღვთისგან ხელდასმული, მაგრამ ტანჯული ცხოვრების შემდეგ იმედია, უფალთან იპოვის სიმშვიდეს”.
დევიდ ბექემი: „სევდიანი დღეა არგენტინისა და მსოფლიო ფეხბურთისთვის, რადგან ვემშვიდობებით კაცს, რომელმაც უდიადესი რაღაც მოგვიძღვნა… ადამიანს, რომელიც თამაშობდა ვნებით, ჟინით და რომელსაც პირწმინდა გენიოსის მეტს ვერაფერს უწოდებ. აღფრთოვანებული ვიყავი, როდესაც დიეგოს პირადად შევხვდი. ის ჩვენ ყველას დაგვაკლდება. RIP”