შემდეგ ოთხშაბათს ინგლისში ფანების ნაწილი ტრიბუნებს დაუბრუნდება, თუმცა ბევრი ჯერ კიდევ კარგა ხანს დარჩება სტადიონს გარეთ. ბრიტანეთის კულტურის მინისტრმა ოლივერ დაუდენმა გუშინ ხელი მოაწერა ქაღალდს, რომლის თანახმადაც 2 დეკებმბერს სარბიელთა ჭიშკრები „შეიღება”.

ეს სიახლე ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია ფეხბურთელთა პირველი და მეორე ლიგის კლუბებისთვის, მორაგბეთათვის და ცხენოსნებისთვის. მათთვის, ის შეიძლება გადარჩენასაც ნიშნავდეს. ინგლისში სტადიონები ხომ მარტიდან დაკეტილია.

ამ ეტაპზე, ლაპარაკია 4000 კაცის შეშვებაზე და ისიც ქალაქის ადგილმდებარეობაზე იქნება დამოკიდებული. ანუ, მატჩებს 4000 მაყურებელი დაესწრება იმ ადგილებში, სადაც კოვიდ აკრძალვები შედარებით ლმობიერია.

უფრო გასაგები რომ იყოს, ქვეყანა დაყოფილი იქნება სამ ზონად. ზემოთ ნახსენებ ზონას, სადაც ჭიშკარს 4000 კაცს გაუღებენ, ერქმევა პირველი ზონა. მეორე ზონაში მდებარე სტადიონებზე შეუშვებენ 2000 ფანს, ხოლო მესამე ზონაში ლოქდაუნი გაგრძელდება.

ოფიციალურად, ზონებს ხუთშაბათს გამოაცხადებენ, მაგრამ ახლავე შეიძლება ვარაუდი, რომ პრემიერლიგის კლუბებიდან 4000 მაყურებელი მხოლოდ „ბრაიტონს” და „საუთჰემპტონს” ეყოლება.

საინტერესოა, რომ ახალი რეგულაციების შემოღების შემდეგ ანუ 5 დეკემბერს, სწორედ სამხრეთ სანაპიროს ეს ორი კლუბი ხვდება ერთმანეთს.

ეს, ერთი მხრივ სასიხარულო ამბავი კლუბებს პრობლემების წინაშეც აყენებს. ახლა მათ უნდა გადაწყვიტონ, ვინ შეუშვან სტადიონზე და ვინ არა. თქვენ წარმოიდგინეთ, თუ მართლა მეორე ზონაში მოხვდებიან, „ტოტენჰემს”, „არსენალს”, „ვესტ ჰემს” და „ნიუკასლს” ფანების დასმა 30 სკამის გამოტოვებით მოუწევთ. შერჩევა არ გინდა?

აშკარაა, რომ თუ კლუბები უპირატესობას კორპორატიულ სტუმრებს მიანიჭებენ ანუ ჩვენებურად ტრიბუნებზე ხალხს „ბლატით” დასვამენ, ამით ფართო გულშემატკივარს გააბრაზებენ.

ქვეყნის ჩრდილოეთით კი ბევრი გუნდი ცარიელი ტრიბუნების წინაშე გააგრძელებს თამაშს. წინასწარი ვარაუდით, პრემიერლიგის შვიდი კლუბი, მათ შორის ისენთი გიგანტები, როგორებიც არიან „ლივერპული” და ორივე მანჩესტერი, ძველებურად უმაყურებლოდ დარჩება. ჩრდილოეთშია ინგლისის საფეხბურთო ლიგის 20 კლუბიც.

ჭორად დადის, რომ კლუბებმა შეიძლება კოვიდპასპორტები შემოიღონ ანუ ტრიბუნაზე მისულ ფანებს ტესტირება ახალი გავლილი უნდა ჰქონდეთ, მაგრამ ეს ოფიციალურად არ დასტურდება.