რას ნიშნავს მაინც ახალგაზრდა, ნაწრთობი  ორგანიზმი… მო სალაჰი დღეს ვარჯიშს უბრუნდება. covid 19 დამარცხებულია, თან, სწრაფად და იოლად.

გუშინ, „ლივერპულმა” „ლესტერს” 3:0 თავისი საუკეთესო ბომბარდირის გარეშე მოუგო. ეგვიპტელს მიმდინარე ჩემპიონატში 10 გოლი აქვს გატანილი.

შეგახსენებთ, რომ სალაჰი ეროვნული გუნდის შეკრებაზე ყოფნის დროს, ძმის ქორწილში დაავადდა. ქორწილში მან რეგულაციები დაარღვია. ზედიზედ ჩატარებულმა ტესტებმა აჩვენა, რომ თავდამსხმელი კოვიდინფიცირებული იყო.

პირველი ტესტი მერსისაიდელთა მთავარ ვარსკვლავს 13 ნოემბერს ჩაუტარეს. შედეგი, როგორც მოგახსენეთ, დადებითი იყო, რის გამოც მას ტოგოსთან აფრიკის თასის შესარჩევი შეხვედრის გამოტოვება მოუხდა.

შემდეგ ის არსენალელ მოჰამედ ელნენისთან ერთად კერძო თვითმფრინავით ინგლისში დაბრუნდა, სადაც მეორე ტესტი ჩაუტარეს და დაადასტურეს, რომ ფეხბურთელი ინფიცირებული იყო. მაგრამ, ახლა, სალაჰის ანალიზი სუფთაა და შეუძლია ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგაში „ატალანტასთან” ითამაშოს.

პრემიერლიგის პროტოკოლის თანახმად კი ფეხბურთელს პირველი დადებითი ტესტის შემდეგ 10 დღით სავალდებულო თვითიზოლაციაში მართებს ყოფნა. სალაჰისთვის ეს 10 დღე გავიდა. მას შეუძლია ვარჯიშს შეუდგეს.

„ლესტერთან” გამარჯვების შემდეგ „ლივერპულის” თავკაცმა იურგენ კლოპმა თქვა: „დიახ, დღეს მოვიდა ტესტის პასუხი. მო ავად აღარ არის. ხვალ, უეფაც ჩაატარებს თავის ტესტს ჩემპიონთა ლიგისთვის და მას შეუძლია უკვე ვარჯიშზე შემოგვიერთდეს.

სალაჰს შემდეგ ორ დღეში ორი ტესტი ელის. ამიერიდან მას ყველა ჩვენგანივით შეამოწმებენ”.