ხვალ ქალთა ჩემპიონთა ლიგის მეთექსმეტედფინალური ეტაპის წილისყრაა, რომელმაც „ლანჩხუთის“ მეტოქე უნდა გამოავლინოს. ჩვენი გუნდის სავარაუდო მეტოქეთა რიცხვი ოთხამდე შემცირდა – გერმანული „ვოლფსბურგი“, ყაზახური „კაზიგიურტი“, შვედური „როსენგარდი“ და ნორვეგიული „კვინერი“.
აქედან ყველაზე ტიტულოვანი „ვოლფსბურგია“ – ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარვებული და შარშანდელი სეზონის ფინალისტი.
უეფამ კორონავირუსის პანდემიის გამო ფორმატი შეცვალა და ჯგუფური ეტაპის ნაცვლად ფლეი ოფები იქნება. მეთექსმეტედფინალური ეტაპი 2-მატჩიანია: პირველი შეხვედრები 5-6 დეკემბერს გაიმართება, ხოლო საპასუხო 15-16 დეკემბერს.
შეგახსენებთ, რომ „ლანჩხუთმა“ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ძირითად ეტაპზე გააღწია, რაც აქამდე საქართველოდან არც კაცთა და არც ქალთა გუნდებს არ გაუკეთებია.
პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „ლანჩხუთმა“ დამატებით დროში ყაზახური „ოკჟეტპესი“ 2:1 დაამარცხა, ხოლო ბოლო ეტაპზე რუმინულ „კლუჟს“ 1:0 მოუგო.