No description available.დარწმუნებული ვარ, ჩვენებს უელსთან 3:30 რომ წაეგოთ, ბორჯღალოსნებს ნაკლები კრიტიკა შეხვდებოდათ, მაგრამ ჩვენმა ნაკრებმა სათამაშო მინდორი კვლავ უქულოდ დატოვა…

ზედიზედ მეორე მატჩია, საქართველოს ნაკრები „შემოდგომის ერთა თასზე“ მშრალად მარცხდება – ინგლისთან 0:40-ის შემდეგ 0:18 აშკარად უკეთ გამოიყურება, თუმც მარტო ანგარიში ხომ არაა? კი ბატონო, ისტორიას მხოლოდ ტაბლოზე დაფიქსირებული ციფრები შემორჩება, მაგრამ ისეთი უიმედობაც  აღარაა, რომელიც შოტლანდიასთან „მარიფილდზე“ 7:48-ისა და ინგლისთან „თვიქნემზე“ 0:40-ის შემდეგ დაგვეუფლა. შაბათის მატჩის შემდეგ ამას თავად მორაგბეებიც აღიარებენ.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე თედო აბჟანდაძემ თქვა, რომ გუნდი სისტემურად, მატჩიდან მატჩამდე ვითარდება და უელსთან შეხვედრაში ეს სისტემა თითქმის მთელი ძალით ამუშავდაო.

რა საკამათოა, ქართული გუნდი უფრო თავდაჯერებული ჩანდა, მოლშიც ღირსეულად გამოიყურებოდა და ერთხელ სულაც ლამის გადათელა უელსელები, მაგრამ ლელოდან 5 მეტრში ბურთი დაკარგა. ამას პირველივე ტაიმში კოტე მიქაუტაძის ტრავმა მოყვა, რამაც შერკინებაც, მოლიც და დერეფანიც აშკარად დაასუსტა. ზოგადადაც ძალიან დასანანი შეცდომები დაუშვა ჩვენმა ნაკრებმა. ამასთან, არც უელსი იყო ინგლისის ძალისა. ამ გუნდში შექმნილი კრიზისული მდგომარეობა ბორჯღალოსნებთან ჯახშიც აშკარა იყო…

ისევ ჩემს აზრზე დავრჩები, რომ საქართველოს ნაკრებს ტიერ 1-ის წარმომადგენელი გუნდის დამარცხების შანსი ჰქონდა, მაგრამ აშკარა პროგრესის მიუხედავად, ლევან მაისაშვილის რაზმმა მხოლოდ ეპიზოდურად და ძირითადად მეორე ტაიმში აჩვენა მეტოქეს, რომ შეტევაც შეუძლია, მაგრამ ამ შეტევებს ქულა თუ არ მოაქვს?..

No description available.მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულმა საქართველოს ნაკრებმა მაინც მშრალად წააგო, არადა ერთ-ორ მომენტში ხელსაყრელი პოზიციიდან კარში დარტყმას ლელოზე თამაში ამჯობინა და ხელმოცარულიც დარჩა, რაშიც მეტოქეს მინიმალური წვლილი მიუძღვის – ყველაფერი ჩვენი შეცდომების გამო ჩაიშალა. მართალია, ავდარში ბურთი სველი იყო და როცა ძალით ვერ ჯაბნი (ამაშიც ჩამოვრჩით „ექვს ერს“), ამ სველი ბურთით ხელდახელ თამაშში შეცდები, აბა რას იზამ…

29 ნოემბერს, დუბლინის „ავივა სტედიუმზე“ ჩვენი მომდევნო გამომცდელი ირლანდიის ეროვნული გუნდი იქნება, რომელმაც ერთი კვირის წინ ამ დაბეჩავებულ უელსელებს კუდით ქვა ასროლინა და 32:9 მოუგო, თუმცა მეორე ტურში მრისხანე ინგლისთან მშრალ მარცხს ბეწვზე გადაურჩა – 18:0-ზე ბოლო შეტევა ლელო-გარდასახვით რის ვაი-ვაგლახით დაასრულა და მატჩიც ინგლისელებმა 18:7 მოიგეს. მაგრამ ხომ ფაქტია, რომ დღევანდელი ინგლისი სულ სხვა დონეზეა ასული და „ექვსი ერის“ ჩემპიონი თუ მსოფლიო ვიცე-ჩემპიონი შემთხვევით არ გამხდარა. მეორე მხრივ, ირლანდიის ნაკრები თავის ჩვეულ დონეზეა, რომელიც ჩვენთვის ძალიან მაღალია და უელსის დარი კრიზისი სულაც არ აწუხებს. ამდენად, დუბლინში უმძიმესი მატჩი გველის და იმედია, კოტე მიქაუტაძე ნაკრებს ამ მატჩშიც დაეხმარება.